თურნავა: ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას და შემოღებას

პუბლიკა

„ეროვნული ბანკი არ გეგმავს ციფრული ლარის საყოველთაო გამოშვებას და შემოღებას… ციფრული ანალოგია არ ჩაანაცვლებს და ვერ ჩაანაცვლებს ნაღდ ლარს“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კომიტეტზე თურნავამ 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი წარადგინა.

ნათია თურნავას განცხადებით, ციფრული ფული საპილოტე პროექტია და საქართველო არ ჩამორჩა წამყვან ქვეყნებს, სადაც მსგავსი ტექნოლოგიები უკვე იტესტება.

15 ოქტომბერს პარლამენტმა ეროვნულ ბანკს ციფრული ლარის გამოშვების უფლება მიანიჭა.

თურნავა ამბობს, რომ კანონმდებლების მხარდაჭერით მოიპოვეს სხვადასხვა ტექნოლოგიის ტესტირების უფლება იმისთვის, რომ შეისწავლონ, რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ციფრულმა ლარმა, რა გამოწვევები ახლავს და როგორ უპასუხონ ამ გამოწვევებს.

„მხოლოდ და მხოლოდ ვიწრო პილოტირების მიზნებისთვის არის ახლა ამ ეტაპისთვის ეს გაკეთებული და სწორედ ასე იწყებენ სხვა ქვეყნებიც, ზოგი უფრო შორს არის წასული, ზოგი ახლა იწყებს.

თვითონ ციფრული ვალუტის ტექნოლოგია არის მიმზიდველი როგორც ბიზნესისთვის, ასევე მოსახლეობისთვის მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც არის უკვე ფართოდ გამოყენებული, იმიტომ, რომ ეს არის უფრო სწრაფი, ხშირ შემთხვევაში, არის უფრო იაფი და ეს არის მომავლის ტექნოლოგია.

…აქვე, ვუპასუხებ გავრცელებულ კითხვებს, რა გეგმაა და ჩაანაცვლებს თუ არა ეს ნაღდ ფულს. არავითარ შემთხვევაში ციფრული ანალოგია არ ჩაანაცვლებს და ვერ ჩაანაცვლებს ნაღდ ლარს და ეს გარანტირებულია ორგანული კანონით, სადაც ბანკნოტი ანუ ნაღდი ფულის მატერიალური გამოხატულება არის უზრუნველყოფილი“, – განაცხადა თურნავამ.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებით, მხოლოდ ეროვნულ ბანკს ექნება უფლება, დაამზადოს და საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში გაუშვას ლარის ბანკნოტები, მონეტები და მათი ციფრული ვერსია.

ამასთან, მიმოქცევაში გაშვებული ან რეალიზებული ციფრული ლარი ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულება იქნება ნომინალური ღირებულებით.

ცენტრალური ბანკი გააკონტროლებს როგორც ნაღდი, ისე ციფრული ფულის მარაგს და განსაზღვრავს მისი ემისიის გეგმას. კანონმდებლობით, ციფრული ლარის გამოშვება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად აკრძალულია.