ძალას ინარჩუნებს დეკრეტი, ანუ განმეორების შემთხვევაში პატიმრობა 3 წლამდე - ოხანაშვილი საგანგებო რეჟიმის დარღვევაზე

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგზე განმარტება გააკეთა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის შესახებ პარლამენტის მიერ გუშინ, 23 აპრილს მიღებულ კანონზე.

მისი თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, რომიც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევაზე 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მოქმედი საგანგებო მდგომარეობის დროს არ მოქმედებს, ვინაიდან ამ პერიოდში ძალაშია პრეზიდენტის დეკრეტი და სწორედ პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სანქციებით ხდება პასუხისმგებლობის დაკისრება. პრეზიდენტის დეკრეტი კი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევაზე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. მისივე განმარტებით, 3 წლამდე ნიშნავს იმას, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით.

„დღეს მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, პრეზიდენტის დეკრეტით უკვე დაწესებულია პასუხისმგებლობა და ეს დეკრეტი რჩება ძალაში და, შესაბამისად, დეკრეტით გათვალისწინებული რეგულაციები ძალაში რჩება.

არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არ მოხდება ჩვენ მიერ მიღებული ცვლილებების გამოყენება, არამედ მოქმედებს და ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ 3 წლამდე, და ისიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ თუკი განმეორებით ჩაიდენს პირი ქმედებას”, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

რაც შეეხება მიღებულ კანონპროექტს და ამის შედეგად სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, ოხანაშვილი ამბობს, რომ მიღებული ცვლილებები სამომავლოდ შეეხება არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას, არამედ საომარი მოქმედებების რეჟიმის დარღვევასაც. 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა კი დაეკისრება პირს, თუ ის ამ დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს. მისი თქმით, 6 წლამდე პასუხისმგებლობის დაკისრება კი გულისხმობს იმას, რომ სასამართლოს შეეძლება, იმსჯელოს ინდივიდუალურ გარემოებებზე და დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე შეუფარდოს პირს სასჯელი.

„ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს საგანგებო ან საომარი მოქმედებების რეჟიმის დარღვევა. რისთვისაც ჩვენ სამომავლოდ დავაწესეთ თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე. ეს ნიშნავს, რომ თუკი პირი განზრახ გადასდებს ვინმეს დაავადებას, თუკი ამ ქმედებას ჩაიდენს ორგანიზებული ჯგუფი, თუკი პირი განახორციელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას, რასაც შესაძლებელია მოჰყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი, ამ შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე [დანაშაულის განმეორების შემთხვევაში]. 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა კი ნიშნავს თუნდაც 1 დღით პასუხისმგებლობის დაკისრებას. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე პასუხისმგებელმა ორგანომ მიიღოს გადაწყვეტილება და პირს მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა დააკისრონ 1 დღით, 1 თვით ან 1 წლით, ან მაქსიმუმ 6 წლით”, – აცხადებს ოხანაშვილი.

[ანუ აღნიშნული ნორმის გამოყენება მოხდება იმ შემთხვევაში თუ მომავალში ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობა გამოცხადდება, და თუ შემდგომ გამოცემული პრეზიდენტის დეკრეტი სხვა რამეს არ დაადგენს].