TI-ის ანგარიში: უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობის, თავდასხმის, დაშინების, დევნის, მუქარის, შევიწროებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 600-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხა, მათგან 200-მდე მხოლოდ მიმდინარე წელს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ჟურნალისტების წინააღმდეგ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფი ორგანოების გამოყენების შემთხვევები შეისწავლა. ანგარიშში სამი ძირითადი მიმართულება გამოყო: სასამართლო და სამართალდამცავი სისტემის გამოყენება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, პარლამენტში კრიტიკული კითხვების დასჯა და კომუნიკაციების კომისიის როლი მედიის ცენზურაში. თითოეული კატეგორია 2026 წლის მაისიდან ნოემბრის ბოლომდე გამოვლენილ შემთხვევებს აერთიანებს.

როგორც ორგანიზაცია წერს, „ქართული ოცნება“ და მასთან დაახლოებული პირები აგრძელებენ სასამართლო და სამართალდამცველი სისტემის ჟურნალისტების წინააღმდეგ აქტიურად გამოყენებას, რაც მათ წინააღმდეგ ე.წ. SLAPP (სტრატეგიული სარჩელები საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ) სასამართლო დავების დაწყებაში, დაჯარიმებასა და დაპატიმრებაში გამოიხატება.

ანგარიშში განხილულია „ტელეკომპანია პირველის“, „ფორმულასა“ და სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტების წინააღმდეგ დაწყებული საქმეები, მათ შორის დაჯარიმებისა და ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი პატიმრობის შემთხვევები. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, რამდენიმე საქმის დახურულმა განხილვამ საზოგადოებას პროცესების მონიტორინგისა და სრულყოფილი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა შეუზღუდა.

საერთაშორისო გამჭვირვალობის თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესი გაამკაცრა, საკანონმდებლო ორგანო ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ორგანოდ ჩამოყალიბდა, სადაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“ წევრებისთვის მიუღებელი კითხვების დასმის გამო აკრედიტაციებს სხვადასხვა დროით, მათ შორის, 1 წლით უჩერებენ. 

„პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის დრაკონული წესი, რომელსაც „ოცნების“ წარმომადგენლები არაკეთილსინდისიერად იყენებენ და ჟურნალისტებს კრიტიკული კითხვების გამო სჯიან, მნიშვნელოვნად ართულებს დამოუკიდებელი მედიის მუშაობას და საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას. აქვე ხაზგასასმელია, „ოცნების“ წარმომადგენლები უარს ამბობენ დამოუკიდებელ მედიასთან სხვა ფორმატებში თანამშრომლობაზე, მეორე მხრივ კი – კომუნიკაციების კომისია მათგან ბალანსის პრინციპის დაცვას მოითხოვს.

მხოლოდ მიმდინარე წელს პარლამენტში აკრედიტაცია შეუჩერეს, ვადაზე ადრე გაუუქმეს ან/და ერთჯერად აკრედიტაციაზე უარი უთხრეს კრიტიკული მედიის სულ მცირე 20-მდე წარმომადგენელს”, – წერია ანგარიშში.

ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს კომუნიკაციების კომისიაზე, როგორც „ქართული ოცნების“ ცენზორზე და ამბობს, რომ 2026 წელი თვალსაჩინო იყო კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ comcom-ის გააქტიურების თვალსაზრისით.

„ანგარიშში განხილული შემთხვევების მიუხედავად, რომელთაც თან სდევს სისტემური სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები ჟურნალისტებზე, ტროლებისა და ბოტების გამოყენებით მათ წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო კამპანია თუ კიბერთავდასხმები, რომელთა მიზანიც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა და ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის საბოლოო გაქრობაა, ქართული დამოუკიდებელი, კრიტიკული მედია მკაფიოდ აჩვენებს, რომ ის არ აპირებს გაჩუმებას და განაგრძობს თავისი უპირველესი მოვალეობის შესრულებას – საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს მედიის ყველა იმ წარმომადგენელს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა ფორმის თავდასხმისა თუ შევიწროების მსხვერპლი აღმოჩნდა და მადლობას უხდის მათ ქვეყნისთვის ამ კრიტიკულ მომენტში პროფესიული ღირსების შენარჩუნებისა და ერთგულებისთვის”, – წერია ანგარიშში.