კანონპროექტი მეორე მოსმენაზე ყველა შემთხვევაში უნდა გავიდეს სესიაზე – ბესელია

პუბლიკა

„მეორე მოსმენაზე კანონპროექტი მაინც უნდა გამოვიდეს სესიაზე, ცვლილების გარეშე თუ ცვლილების მერე“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, შექმნილ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ ვითარებაში არსებობს გამოსავალი, რასაც პოლიტიკური ნება სჭირდება.  როგორც ბესელია ამბობს, გუშინ არასწორი განმარტება გაკეთდა პლენარულ სხდომათა დარბაზში და შემდეგ არასწორად იყო ინტერპრეტირებული ეს ყველაფერი, კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა განუმარტოს მოსახლეობას, რომ კონსტიტუციური კანონპროექტი პროპორციულ სისტემაზე მეორე მოსმენაზე ყველა შემთხვევაში უნდა გამოვიდეს სესიაზე. მისივე თქმით, ეს არის გარდაუვალი პროცესი და ამ პროცესს არავითარი წინაპირობა არ აქვს.

„ამაზე ვთანხმდებით, რომ არ მთავრდება გუშინდელი კენჭისყის შედეგებით [პროცესი], არამედ ის მაინც გრძელდება. მეორე მოსმენაზე ის გამოვა, რადგან კვორუმი ჰქონდა 101 და კონსტიტუციის ჩანაწერი ითვალისწინებს, რომ თუ არის 100 ხმა ან 100-ზე მეტი (მაგრამ არა 113), ანუ თუ არის 2/3 – ეს არის 100 ხმა, ასეთ შემთხვევაში, კანონპროექტი მიღებულია და ის გრძელდება მეორე და მესამე მოსმენისთვის“, – ამბობს ბესელია.

თუმცა, ბესელიას განმარტებით, არსებობს წინააღმდეგობრივი ჩანაწერი რეგლამენტსა და კონსტიტუციას შორის.

„ის, რომ 113 ხმა ვერ მიიღო კანონპროექტმა, ეს რეგლამენტის მიხედვით (და არა კონსტიტუციის), ნიშნავს, რომ მას კიდევ სჭირდებოდა 2 მოსმენის შემთხვევა 113 ხმა, და პრეზიდენტს მაშინვე გადაეგზავნებოდა, თუმცა კონსტიტუციაში არ წერია ის, რაც რეგლამენტში წერია. კონსტიტუციის ჩანაწერი იძლევა შესაძლებლობას, რომ, თუ რეგლამენტი გასწორდება (რადგან კონსტიტუცია უფრო მაღალია იერარქიით, ვიდრე რეგლამენტი და ვიდრე ნებისმიერი სხვა კანონი) და ასეთი ჩანაწერი გაჩნდება – რომ მეორე და მესამე მოსმენის დროს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ჯერზე 113 ხმა ვერ მოგროვდა, 113 ხმით შეიძლება იყოს მიღებული კანონპროექტი, ის მაინც მიიჩნევა მიღებულად და გადაეგზავნება პრეზიდენტს მოკლე დროში“, – ამბობს ბესელია.

ანუ, მისი თქმით, სამართლებრივი შესაძლებლობა არის, თუ პოლიტიკური ნება არსებობს – რეგლამენტის შეცვლა უფრო მარტივია, ვიდრე კონსტიტუციის ცვლილება და ეს ჩანაწერი გასწორდება, რაც დღეს წინააღმდეგობრივია, რეგლამენტისა კონსტიტუციასთან.

„თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მეორე მოსმენაზე კანონპროექტი მაინც უნდა გამოვიდეს ცვლილების გარეშე თუ ცვლილების მერე“, – აღნიშნავს ბესელია.

რაც შეეხება მეორე შესაძლებლობას, მისი თქმით, ეს კანონპროექტის ხელახალი ინიცირებაა, რაც მისივე თქმით, დროში ასევე შესაძლებელია.

„მეორე შესაძლებლობა – 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება ახალი კანონპროექტის ინიცირებას, შემჭიდროებულ და მოკლე ვადებში (ესეც დავითვალეთ) ესწრება, მათ შორის ამ მოწვევის სესიაზე მიღება, თუ რიგგარეშე სხდომებიც ჩატარდება, და ეს ვადები იქნება მოკლე.  ესეც შესაძლებელია. ამიტომ ყველა შემთხვევაში მოესწრება, დეკემბერში იქნება ეს თუ თებერვალში, მაინც ესწრება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ხელახლა ინიცირების შემთხვევაში ამასაც სჭირდება პოლიტიკური ნება“, – ამბობს ბესელია.

ბესელიას შეფასებით, თუ ამ საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლებას არ ექნება პოლიტიკური ნება, მაშინ გამოდის, რომ ისინი უბიძგებენ ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს, რომ პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს და „ეს პროცესები შეიძლება იყოს უმართავი“.

„ეს მათი პასუხიმგებლობაა. ჩვენ ვთავაზობთ გამოსავალს. ეს გამოსავალი არსებობს. ამას სჭირდება დიალოგი, პოლიტიკური ნება და კანონთან დაკავშირებული მუშაობა. ჩვენ მზად ვართ, ეს პროცესი დავიწყოთ იმისათვის, რომ კრიზისი განიმუხტოს“, – ამბობს ბესელია.