EMC მთავრობის ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას აფასებს

პუბლიკა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” მთავრობის ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას აფასებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანტიკრიზისული გეგმა გაზრდილი საჭიროებებისა და მრავალმხრივი სოციალური რისკის არსებობას არ უარყოფს; რომ მიზნობრივი დახმარების ჯგუფები რამდენიმე მოწყვლად ჯგუფს მოიცავს და არ იფარგლება მხოლოდ ფორმალურ სექტორში დასაქმებულებით. ორგანიზაციის შეფასებით, წინგადადგმული ნაბიჯია, რომ თვითდასაქმებულებიც მოხვდნენ მიზნობრივი დახმარების ჯგუფებს შორის. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, არსებული სოციალური დაცვის სისტემები პროცედურულ ბარიერებს შეიცავს, რაც ბენეფიციართა ნაწილისთვის დახმარების მიღებას აჭიანურებს, ართულებს ან შეუძლებელს ხდის.

„არსებითია, რომ მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება სოციალური დაცვის სისტემის გადახედვის შესახებ, ხოლო ამ სისტემაში ცვლილებების შეტანამდე, არ იქნას გამოყენებული სოციალური შემწეობების შეჩერებისა და შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები”, – აღნიშნულია განცხადებაში.

EMC წერს, რომ ბუნდოვანია, რა ეკონომიკურ მოლოდინს ეფუძნება მიზნობრივ ჯგუფებთან დაკავშირებული გათვლა, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო თვითდასაქმებულების შემთხვევაშია, როცა გეგმით გათვალისწინებული დახმარება დაახლოებით 250 000 ბენეფიციარს ითვალისწინებს, ქვეყანაში თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი დაახლოებით, 800 000-ია. ორგანიზაციის შეფასებით, „თვითდასაქმებულთა შესახებ არსებული მწირი მონაცემების პირობებში, ეს გათვლა ზედაპირული და შესაძლოა, არაზუსტი აღმოჩნდეს“.

ორგანიზაციაში კითხვები აქვთ, ასევე, რამდენად ადეკვატურია არაფორმალურად თუ თვითდასაქმებულთათვის განკუთვნილი ერთჯერადი 300-ლარიან პაკეტი, ასევე, მათი შეფასებით, დაქირავებით დასაქმებულთათვის განკუთვნილი ყოველთვიური 200 ლარი ხარვეზიანი მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ, საერთაშორისო სტანდარტებისთვის შეუსაბამო საარსებო მინიმუმს არ აღემატება. „ეს გვაფიქრებინებს, რომ დაანონსებული შემწეობა არსებული საჭიროებების სრულყოფილ შეფასებას არ ეფუძნება”, – წერია განცხადებაში.

„ე.წ. „იძულებით აუნაზღაურებელ შვებულებაში“ დასაქმებულთა გაშვება შრომის კოდექსში არარსებული, უკანონო პრაქტიკაა, რომელმაც ეპიდემიის პირობებში მასშტაბური ხასიათი მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო გეგმაში ამ პრაქტიკით დაზარალებულ პირთა მოხვედრით სახელმწიფომ უნებლიეთ ან ირიბად არ შეუწყოს ხელი ამ პრაქტიკის ნორმალიზებას.

ბიზნესისთვის დახმარების გაცემა, როგორც ჩანს, არ გულისხმობს ისეთი დათქმების არსებობას, რომლებიც დასაქმებულთა ინტერესებს დაიცავდა. სახელმწიფოს შეეძლო მის ხელთ არსებული ფინანსური და საგადასახადო ბერკეტები იმგვარად მიემართა, რომ დამსაქმებელთათვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება პრიორიტეტული გამხდარიყო – ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ სახელმწიფოს მხარდაჭერა შემცირებებისთვის თავის არიდებაზე ნაწილობრივ მაინც იქნებოდა დამოკიდებული. თუმცა ამის ნაცვლად ანტიკრიზისული გეგმა ბიზნესს უპირობო დახმარებას სთავაზობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

EMC წერს, რომ ანტიკრიზისული გეგმის მიღმა რამდენიმე მოწყვლადი ჯგუფი დარჩა, მათ შორის: უსახლკაროები, რომელთაც მოქმედი კანონმდებლობით, არ აქვთ უფლება, დარეგისტრირდნენ სოციალურად დაუცველთა ბაზაში; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ის ნაწილი, რომელზეც გეგმაში არაფერი წერია და ბავშვები, რომელთაც, ქვეყანაში არსებული რეგულაციების გამო, შშმ სტატუსი მინიჭებული არ აქვთ; ორგანიზაციისთვის ბუნდოვანია, რამდენად ითვალისწინებს გეგმა იმ ოჯახების მხარდაჭერას, რომელთა შემოსავალი უცხოეთიდან გზავნილებსა და შიდა მხარდაჭერით პრაქტიკაზე იყო დამოკიდებული. გეგმაში არაფერი თქმულა არც მიკროსაფინანსოებისა თუ კერძო მევახშეების მიერ დაზარალებულები მოქალაქეების შესახებ.

EMC-ისთვის ბუნდოვანია, რა დოკუმენტაციითა და პროცედურების გავლით შეძლებენ ბენეფიციარები სხვადასხვა ანტიკრიზისულ სოციალურ პროგრამებში მოხვედრას.

„აუცილებელია, ფართო საზოგადოებამ იცოდეს მობილიზებული თანხის რა ნაწილია დამატებითი საგარეო ვალი, რომელიც მომავალ წლებში საბიუჯეტო სახსრებით დაიფარება. საქართველოს მთავრობამ უნდა განმარტოს, როგორ გადანაწილდება ის დამატებითი ფისკალური ტვირთი, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის დასაფინანსებლად შეიქმნა და რამდენად მოხდება ეს, მაგალითად, უნივერსალური ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, განათლებისა და სოციალური ბიუჯეტის სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების ხარჯზე”, – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის შეფასება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ სრულად იხილეთ ბმულზე.

ვის რამდენით დაეხმარება სახელმწიფო