28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და დაღუპულთა საერთაშორისო დღეა

პუბლიკა

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და დაღუპულთა საერთაშორისო დღეა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ცნობით, 2019 წელს  პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გაიღუპა 38 და  მძიმედ დაშავდა 135 ადამიანი. მხოლოდ წელს დაიღუპა 7 და  მძიმედ დაშავდა 70 დასაქმებული.

„ეს იმ  ფონზე, როდესაც გლობალური პანდემიის პირობებში თვეზე მეტია ეკონომიკის სექტორების უმეტესობა არ მუშაობს. თუმცა, ამავე პანდემიის პირობებში, უსაფრთხო შრომასთან დაკავშირებული  გამოწვევები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სერვისების მიწოდებისთვის  ბრძოლის წინა ხაზზე არიან:  ჯანდაცვის  და კვების პროდუქტების მაღაზიებში დასაქმებულები, პოლიციის თანამშრომლები, სოციალური მუშაკები და ა.შ. კიდევ უფრო დიდია.

მიუხედავად ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების სფეროში გატარებული არაერთი პოზიტიური რეფორმისა, კვლავ  რჩება არაერთი პრობლემური საკითხი, რის გამოც სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გადარცვლილთა სტატისტიკა კვლავ მაღალია. საქართველოში სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა მაჩვენებელი 3.1-ჯერ აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. აქვე გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ სტატისტიკაში არ ხვდება პროფესიული დაავადებები და უამრავი შემთხვევა, რომელიც  დამსაქმებლის ძალისხმევის შედეგად არ ხმაურდება და შესაბამისად, ზედამხედველი ორგანოსთვის უცნობი რჩება“, – ნათქვამია განცხადებაში.

პროფესიული კავშირების გაერთიანება, მოითხოვს:

– საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გაძლიერდეს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მანდატი იმგვარად, რომ მან  უსაფრთოებასთან ერთად მოიცვას შრომის უფლებებზე ზედამხედველობაც;

– მოხდეს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის  სათანადაო საკადრო რესურსით აღჭურვა და ინსტიტუციური გაძლიერება;

– დაჩქარდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #81, #155, #176 კონვენციების რატიფიცირება, რომელიც ადგენს შრომის უსაფრთხოების უფრო მაღალ სტანდარტებს, ვიდრე ეროვნული კანონმდებლობა;

– მოხდეს პროფესიული დაავადებების აღრიცხვა;

– შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყდეს სოციალური დიალოგის გზით;

– განხორციელდეს დაჩქარებული და ეფექტიანი სამოქალაქო და სისხლის სამართალწარმოება საწარმოო ტრავმატიზმის და გარდაცვალების ფაქტებზე;

– საწარმოო ტრავმატიზმის და გარდაცვალების ფაქტებზე განხორციელდეს სრულყოფილი გამოძიება, გამოვლინდეს და დაისაჯოს რეალურად პასუხიმგებელი ბრალეული პირები.