ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ამირან გამყრელიძემ მოქალაქეებს მოუწოდა, სიმპტომების შემთხვევაში მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს.
„ყველა ადამიანს მოვუწოდებ, ვისაც კი რაიმე სიმპტომები ეწყება – დაბალი ტემპერატურა, ხველა, სურდო, სუნთქვის გაძნელება. ახლა სურდოს რატომ ვამბობ? იცით, რომ ალერგიის სეზონი მოვიდა და ბევრი დაავადება მაისს-ივნისში მიმდინარეობს სურდოთი, თვალების ქავილით და შეიძლება პატარა ტემპერატურაც იყოს. ასეთმა ადამიანებმა უნდა მიმართონ 112-ს ან პირდაპირ ცხელების ცენტრებს. მათ იქ 24 საათში pcr ტექნოლოგიით ჩაუტარდებათ ტესტი. თუ დადებითი იქნება გადაიყვანენ სამკურნალოდ.
ამის გარდა, ყველა პნევმონია დიდებში და ბავშვებში იტესტება და კიდევ უფრო მეტი ზედამხედველობა უნდა დაწესდეს. ჩვენ ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში ცირკულარი დავაგზავნეთ კლინიკებში, რომ მეტი ზედამხედველობა ყოფილიყო ცხელებით მიმდინარე დაავადებებზე. ამავე დროს ჩვენ გვაქვს გრიპის დაკვირვების საიტები. ამას სენტინელური ზედამხედველობა ჰქვია. როცა არჩეულ საიტებზე ვტესტავთ 22 ტიპის რესპირაციულ ვირუსზე და ძირითად გრიპის ვირუსის სხვადასხვა ტიპებზე. ეს ხდება ყოველკვირეულად. ჩვენ ბოლო ორი თვეა ყველა ამ საიტზე, როცა ნიმუში იღება გრიპის ვირუსზე, პარალელურად იტესტება კოვიდზე, რომ გრიპის კლინიკური ნიშნების ქვეშ არ გაგვეპაროს კოვიდი“. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ყველა ქვეყნის გამოცდილებით შიდა გავრცელების დაფიქსირებიდან პიკი მე-6, მე-7 და მე-8 კვირაშია. საქართველო ახლა შიდა გავრცელების პირველი შემთხვევიდან მე-6 კვირაშია.
„მაისის პირველი ორი კვირა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ჩვენ პიკში შესული ვართ. ჩვენ ბევრი მოდელირება გვქონდა გაკეთებული და დღეს, რასაც მივყვებით ეს ბაზელის უნივერსიტეტის მოდელია. ძალიან ახლოს ვჯდებით ამ მოდელირებასთან. ჩვენ გვქონდა სამი მრუდი ბაზელის მოდელირებაზე, რაც ნიშნავდა, რომ, თუ ჩვენ მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით ვივლიდით როგორითაც ვიარეთ, მაშინ უნდა გვქონდა ის, რაც გვაქვს პლიუს-მინუს 50. ვიცოდით, რომ ჩვენ თუ შევამსუბუქებდით, იმ პერიოდში მაშინ მეორე მრუდი ამუშავდებოდა, რომელიც 10 მაისისთვის 2000- 2500 შემთხვევას გვაძლევდა და თუ ძალიან შევამსუბუქებდით, მაშინ ავდიოდით 5000-7000 შემთხვევაზე მაისის 10 დან 15 -მდე. დღესაწაულების წინ მოსახლეობამ სერიოზულად დაუჭირა მხარი ამ რეკომენდაციებს და მოწოდებებს. სოციალური დისტანცირება და „სახლში დარჩი“ ყველაზე მოარული სლოგანი გახდა, რომელიც ახლა ჩემი აზრით მალე უნდა შეიცვალოს მეორე სლოგანით „უნდა ვისწავლო თანაცხოვრება კორონავირუსის ინფექციასთან ერთად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, მთავრობამ 6-ეტაპიანი შემსუბუქების პროგრამა წარადგინა ორ-ორკვირიანი ინტერვალებით და მოსახლეობამ ეს შემსუბუქება იმგვარად არ უნდა გაიგოს, რომ თითქოს ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსი. მისი თქმით, ზოგიერთი შემზღუდავი ღონისძიების შენარჩუნება, მაგალითად, პირბადის ტარება დახურულ შენობებში და სადაც შესაძლებელია დისტანცირება, მთელი წელი დაგვჭირდება.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ადამიანებს ინფორმაცია, რომ კიდე ორი კვირა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ყველა შეზღუდვა მოიხსნა. კომენდანტის საათი რატომ არის? იმიტომ, რომ როცა დაიკეტა რესტორნები, ერთმანეთთან დაიწყეს სახლებში შეკრება. მთავარი მიზანია, რომ საქართველო გამოვიდეს ნაკლები დაზიანებით ამ პანდემიიდან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.