ყანდაურაში დედის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა – შსს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, სოფელ ყანდაურაში დედის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.

პოლიციამ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1963 წელს დაბადებული ნ.გ. მიმდინარე წლის 25 აპრილს დააკავა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა ოჯახის სხვა წევრებს – 1965 წელს დაბადებულ დ.გ.-ს, 1982 წელს დაბადებულ შ.გ.-ს, ასევე, მეზობლებს – 1975 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და 1950 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, რომლებიც ადგილზე გარდაიცვალნენ.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის და ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით.