ვაპირებ, ხვალ პირადად ჩავიდე მარნეულშიც, თეთრიწყაროშიც და ბოლნისშიც, გავეცნო საჭიროებებს - გამყრელიძე

პუბლიკა

„ხვალ პირადად ვაპირებ, რომ ჩავიდე მარნეულშიც, თეთრიწყაროშიც და ბოლნისშიც, ადგილზე გავეცნოთ, რა არის საჭირო, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ იქ მუშაობა, რადგან ეს სამივე მუნიციპალიტეტი საკმაოდ დაზიანებულია, სამივე მუნიციპალიტეტში ერთად დაახლოებით 150-მდე დადებითი შემთხვევა გვაქვს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ მუნიციპალიტეტებში მათი ბრიგადების მიერ მიმდინარეობს ყველა შემთხვევის კონტაქტის კვლევა, რათა შემდგომი რეაგირება იყოს დროული.

„მე-6 კვირა სრულდება შიდა გავრცელებიდან, და მე-6, მე-7 და მე-8 კვირა ყველა ქვეყნის გამოცდილებით გახლავთ ე.წ. პიკური პერიოდი. ანუ ახლა პიკში ვართ შესული, ამ ხნის განმავლობაში იქნება შემთხვევების მატება. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს შემთხვევები სწრაფად იყოს იდენტიფიცირებული. იცით, რომ გუშინ გვქონდა 27 ახალი შემთხვევა, ისინი ყველა იდენტიფიცირებულია, ყველას კონტაქტებზე კვლევა მიმდინარეობს… ქვემო ქართლის ამ სამ მუნიციპალიტეტში (მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო) ინტენსიურად არის მხარდაჭერა, გარდა ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვებისა და ექიმებისა,  მუშაობენ ჩვენი ბრიგადებიც, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა, მათგან ნიმუშების აღება, რადგან ვისაც დადებითი პასუხი ექნება, სწრაფად იყვნენ გადაყვანილები სამკურნალო ცენტრებში და დაიწყოს მათი მკურნალობა ადრეულ ეტაპზე, რათა თავი ავარიდოთ გართულებებს”, – განაცხადა გამწრელიძემ.


1 მაისის მდგომარეობით, საქართველოში 566 ინფიცირებულია, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 ადამიანია და გარდაცვლილია 7.