სხვადასხვა კომპანიასთან საპირველმაისო ერთკაციანი საპროტესტო აქცია გაიმართა

პუბლიკა

მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რამდენიმე კომპანიასთან ერთკაციანი საპროტესტო აქცია გაიმართა. პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ინფორმაციით, აქტივისტებმა და დასაქმებულებმა შრომით ბაზარზე არსებული პრობლემები გააპროტესტეს.

საპირველმაისო აქციები გაიმართა შემდეგ კომპანიებთან: „ფრონტერა”, „ზანადუ”, აზოტის ქარხანა, საწარმო „ჰერკულესი”, „სპარი”, „ორი ნაბიჯი”, ვაზისუბნის საოჯახო კლინიკა, „კრედო ბანკი”, „საქართველოს ბანკი”, თიბისი ბანკი, „სინოჰიდრო”, ე.წ. „დეზერტირების” ბაზარი.

 

 

 

დღეს ასევე სხვადასხვა ღონისძიება ჰქონდა პროფკავშირების გაერთიანებას. მათი თქმით, კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულმა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ სააშკარაოზე გამოიტანა ყველა პრობლემა და დილემა, რაც ჩვენს საზოგადოებას ათწლეულებია ტანჯავს:

– სოციალური და ეკონიმიკური უთანასწორობის მაჩვენებელი;
– შრომითი ექსპლუატაციის მასშტაბები და ხარისხი;
– სოციალური დაცვისა და სოციალური დაზღვევის მორღვეული სისტემები;
– შრომის ბაზრის მაკონტროლებელი ინსტიტუტების სისუსტე;
– სოციალური პასუხისმგებლობისგან დაცლილი ბიზნესსექტორი;
– ბანკებსა და კაზინოებს შეტოვებული გაღარიბებული მოსახლეობა;
– თავისუფალი ვაჭრობის იდეით განადგურებული ეროვნული წარმოება;
– მშრომელების დევნა და დისკრიმინაცია შრომითი უფლებების ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად დაცვის მცდელობისათვის.

„ჩვენი ბრძოლა ღირსეული შრომის მისაღწევად გრძელდება, დროა, დავიბრუნოთ კუთვნილი რეალური თავისუფლება. დროა, უარი ვთქვათ თანამედროვე მონობაზე, მოვითხოვოთ ღირსეული სამუშაო ადგილები, ღირსეული ხელფასი და სოციალური დაცვის რეალური გარანტიები”, – აცხადებს პროფკავშირები.

ამავე თემაზე:

► უნდა შეიქმნას მექანიზმები, რათა მშრომელთა მდგომარეობა ისეთივე სავალალო არ იყოს, როგორიც დღესაა – EMC

► შრომითი უსაფრთხოების იგნორირების გამო წელს გვყავს 7 დაღუპული და 70 დაშავებული ადამიანი – პროფკავშირები