„არ უნდა ვიყოთ ძალიან შეშინებულები, იმ თვალსაზრისით, რომ არსებობს მისტიკური, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც არ აქვს სიმპტომები და სინამდვილეში ავად არის ან შეიძლება გაავრცელოს ეს ინფექცია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
მისი თქმით, არ შეიძლება ვინმეს დაემართოს ინფექცია არსაიდან. ზედამხედველობის სამსახურები კარგად ადგენენ და მისდევენ თითოეული გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტებს და ხდება მათი მაქსიმალური გამოვლენა.
„ყველა შემდგომი შემთხვევა იოლად დგინდება ხოლმე, რომ რაღაცასთან იყო კავშირში. ასე რომ, ასე უცებ, განუსაზღვრელად და მოულოდნელად დაავადების ასეთი კერები არ ჩნდება. რეალურად, არსებობს მოლოდინი, არსებობს ამ ტერიტორიებზე ზედამხედველობის გამკაცრებული რეჟიმი. არ წყდება შემთხვევების აღმოჩენა თუ გამოვლენა. ეს ყველაფერი იძლევა გარკვეულ მტკიცებულებას იმისა, რომ არ უნდა ვიყოთ ძალიან შეშინებული, იმ თვალსაზრისით, რომ არსებობს ესეთი რაღაც მისტიკური ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც არ აქვს სიმპტომები და სინამდვილეში ავად არიან ან შეიძლება გაავრცელონ ეს ინფექცია. ვიმედოვნებთ ეს ასე არ იქნება, ვიღაცები გადაიტანენ ამას ძალიან მსუბუქად, ან შეიძლება თვითონ ჩათვალონ, რომ მთლიანად უსიმპტომოდაც კი, მაგრამ ასეთთა რაოდენობა არ იქნება იმდენად დიდი ან ისეთი ყოვლისმომცველი, რომ დაავდების გავრცელება გამოგვეპაროს სადმე, რაიმე ტერიტორიაზე“, – განაცხადა ზახაშვილმა.
1 მაისის მდგომარეობით, საქართველოში 566 ინფიცირებულია, აქედან გამოჯანმრთელდა 207 და გარდაიცვალა 7 ადამიანი.