ინფექციურში შეყვანილი 7 პაციენტიდან ერთი არის მძიმე, კრიტიკული მდგომარეობით - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალინფიცირებული 16 პაციენტის ინფიცირების წყაროები ცნობილია.

ინფექციურ კლინიკაში მათგან შეყვანილია 7 პაციენტი, იქ ჯამში მოთავსებულია 47 კოვიდადასტურებული ადამიანი.

„ჩვენთან გაეწერა ერთი გამოჯანმრთელებული და გახდა 68. გვყავდა 40 პაციენტი დადასტურებული, დაგვემატა 7 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ერთი არის მძიმე, კრიტიკული მდგომარეობით. ეს არის მაღალი ასაკის პირი, რომელსაც მძიმე ჰიპერტონიული დაავადება აქვს, რისკის მატარებელია ასაკით და თანმხლები დაავადებით”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

7 ახალინფიცირებულს შორის ინფექციურში შეყვანილია 3 მოზარდი, არსებული მონაცემით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში სულ 13 მოზარდი მკურნალობს.

კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 5-ს აქვს მძიმე პნევმონია. ეზუგბაიას განცხადებით, ახალშემოსულებიდან 2-თან პნევმონია მძიმეა, თუმცა ისინი განსაკუთრებით მძიმე პაციენტებად არ მოიაზრებიან.


საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური საიტის, stopcov.ge-ის მიხედვით, 2 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირებულია  კორონავირუსის  582 შემთხვევა. გუშინდელთან შედარებით, ინფიცირებულთა რიცხვი 16-ით გაიზარდა.

ინფიცირებულთა შორის გამოჯანმრთელებულია 207, გარდაცვლილი კი – 7 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5025, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540 ადამიანი; უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.