ნიგერიაში მეკობრეებმა საქართველოს მოქალაქე 9 მეზღვაური გაიტაცეს

პუბლიკა

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნიგერიაში მეკობრეები თავს დაესხნენ პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს, გაიტაცეს 10 მეზღვაური, რომელთაგან 9 საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილია საქართველოს კიდევ 4 მოქალაქე. გავრცელებული ინფორმაციით, მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

„30 აპრილს ნიგერიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს მეკობრეები დაესხნენ თავს.

გატაცებული 10 მეზღვაურიდან ცხრა საქართველოს მოქალაქეა. გემზე დარჩენილ ოთხ მეზღვაურს, რომლებიც ასევე საქართველოს მოქალაქეები არიან, საფრთხე არ ემუქრებათ.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფება გემთმფლობელთან, რომელიც არის კარგი რეპუტაციის მქონე, პასუხისმგებლიანი კომპანია. უკვე შევხვდით ოჯახის წევრებს და მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია.

ამ დროისათვის, გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობენ გემთმფლობელთან და საქმეში ჩართულ ყველა სხვა მხარესთან, რომ ყველა შესაძლო გზით მოხერხდეს ქართველი მეზღვაურების ტყვეობიდან დროულად და უსაფრთხოდ დახსნა.

ქართველი მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, არ გავრცელდეს მედიის საშუალებით რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია“, – წერია სააგენტოს განცხადებაში.