მოგვცეს ინფორმაცია, რომ თითქოს მათი ეს მოლა და მუფთი თამაშობს ცუდ როლს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღავნელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე, NCDC-ის გუნდთან ერთად მარნეულში იმყოფებიან.

მათ შეხვედრა გამართეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. აღნიშნული შეხვედრა მარნეულის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით სოციალურ ქსელში გადმოიცემოდა.

შეხვედრაზე ამირან გამყრელიძემ მიმოიხილა რეგიონში არსებული ეპიდსიტუაცია და კორონავირუსის პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა არსებობს, რისთვისაც საჭიროა, მოლაპარაკებებში ლიდერები ჩაერთონ და მოსახლეობა დაარწმუნონ თერმოსკრინინგისა და გამოკვლევების აუცილებლობაში.

ამირან გამყრელიძეს აქვს ინიციატივა, ლაბორატორია მოეწყოს მარნეულში, სადაც შესაძლებელი იქნება PCR სწრაფი ტესტირება და ეს ყველაფერი დიდ მანძილზე გადაადგილების პრობლემას მოხსნის. „ჯერ გადაწყვეტილად ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზეც ვფიქრობთ”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

„მე იმაზეც ეჭვი მაქვს, იმ ერთ სოფელში, მუშევანში ცოტა პოლიტიკურ პროცესებს აქვს ადგილი, როგორც ჩანს”, – განაცხადა გამყრელიძემ, რაზეც შოთა რეხვიაშვილმა უპასუხა, რომ გუშინ მომხდარ ინციდენტი პოლიტიკურზე მეტად კრიმინალური შემთხვევა იყო: „იქ ხო, პოლიტიკური, ნუ, მართვადი იყო, უბრალოდ იქ ბევრი ნიუანსი იყო… დღეს ახლა პოლიციასთან ერთად ერთი ოჯახი გამოვიდა, უკანასკნელი მონაცემებით, მეორესთან შეთანხმებული ვართ, უბრალოდ, იქ რაღაც კრიმინალი უფრო იყო, ვიდრე პოლიტიკური და რეაგირებები იქნება”, – უპასუხა გამყრელიძეს შოთა რეხვიაშვილმა.

გამყრელიძემ განაცხადა, რომ მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს მოლა და მუფთი „ცუდ როლს თამაშობენ”: „ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, თითქოს მათი ეს მოლა და მუფთი თამაშობს ცუდ როლს”. – აღნიშნა მან.

„ახლა მოითხოვენ განმეორებით კვლევებსო და ეს დაუშვებელია. განმეორებითი კვლევები მათ ჩაუტარდებათ 4 დღის შემდეგ, 8 დღის შემდეგ… ახლა ჩვენ რომ დავყვეთ იმათ იმას და განმეორებით კვლევებზე წავიდეთ, ეს ნიშნავს, რომ მთელი ეს ხალხი ატყდება 140 კაცი თუ 190, რომ კიდევ განმეორებით… განმეორებითები არის სამი დღის შემდეგ, ოთხი დღის შემდეგ, პროტოკოლით როგორც ეკუთვნის და კიდევ გამოჯანმრთელების შემდეგ, ეს ყველას ჩაუტარდება”, – თქვა მან.

ამირან გამყრელიძის თქმით, ხვალ, ალბათ, ექნება მინისტრთან საუბარი ჯანდაცვის ვერტიკალის გაძლიერების საკითხზე, რადგან მისი თქმით, მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვა ამ პროცესებს ვერ აუვა. „თითოეულ მერთან უნდა იყოს მარჯვენა ხელი, ვინც სამედიცინო პროცესებს რაიონებში მართავს”, – განაცხადა გამყრელიძემ.