COVID-19 დღეს მარნეულის სასწრაფოს 9 და ყვარლის სასწრაფოს 1 თანამშრომელს დაუდასტურდა

პუბლიკა

გადაუდებელი სასწრაფო სამედიცნო დახმარების პრესსამსახურში პუბლიკას განუცხადეს, რომ დღეს COVID-19 დაუდასტურდა მარნეულის სასწრაფოს 9, ყვარლის სასწრაფოს 1 თანამშრომელს.

„ინფიცირებული პირები ინფექციური პროფილის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებული. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დეტალური ეპიდკვლევა და დაწყებულია დაინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიება. კოვიდ-19-ით დაავადებული სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა უმეტესობა ე.წ ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება, სადაც ჯამში 21 თანამშრომელია ინფიცირებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

ყვარლის სასწრაფოს თანამშრომლის ინფიცირება კორონავირუსის პირველი შემთხვევაა კახეთში, ამ დრომდე, გურიასთან ერთად, ის მწვანე ზონას წარმოადგენდა. კახეთში პრემიერის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი „პუბლიკასთან” აცხადებს, რომ ინფიცირებული მედიკოსის ყველა კონტაქტის მოკვლევა მიმდინარეობს და ამ დრომდე მოკვლეულია 70-მდე კონტაქტი. ოჯახის წევრები, პაციენტები ვისთანაც ექიმს მორიგეობისას შეხება ჰქონდა და ა.შ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ყვარლის რაიონში  საკარანტინო რეჟიმი დაწესდეს, ქადაგიშვილი ამბობს, რომ ჯერ ამაზე საუბარი არ არის, თუმცა შემდგომ ნაბიჯებს ეპიდემიოლოგიური სურათის გამოკვეთის შემდეგ გადადგამენ.