TDI მუსლიმი სასულიერო პირების შესახებ ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება

პუბლიკა

„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ მუსლიმ სასულიერო პირებზე ამირან გამყრელიძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.

2 მაისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მარნეულში იმყოფებოდა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრისას, მან მუშევანში მოხდარი ფაქტის შესახებ თქვა, რომ შესაძლოა პოლიტიკურ პროცესებს აქვს ადგილი, ხოლო მუსლიმი სასულიერო პირები დაპირისპირების მართვაში დაადანაშაულა: “ჩვენ მოგვცეს ინფორმაცია, თითქოს იმათი მოლა და მუფთი თამაშობს ცუდ როლს”. ადგილობრივმა სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ ამ ინციდენტთან კავშირი არ აქვს და მისთვის გაუგებარია, რატომ დაადანაშაულეს.

მოგვიანებით, გამყრელიძემ განმარტა, რომ ის გულისხმობდა საჭიროებას, რელიგიური ლიდერები მეტად დაეხმარონ ეთნიკურ უმცირესობებთან საგანმანათლებლო და განმარტებით მუშაობაში: “ბოდიშის მოხდა არ მიჭირს არასდროს და შემიძლია მოვიხადო კიდეც, თუ ასეთი რამე წამომცდა იქ. თუ ეს ფრაზა ჩემ მიერ იქნა გამოყენებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის“.

ორგანიზაციის განცადებაში ნათქვამია, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებისთანავე მუსლიმმა სასულიერო პირებმა გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მთელი საქართველოს მასშტაბით უარი თქვეს სამლოცველოებში შეკრებაზე, მოსახლეობას სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ, ხოლო სოციალურად დაუცველ ადამიანებს დახმარებას სთავაზობენ.

TDI კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და ეპიდემიოლოგებს.

ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს,  გაატაროს ინკლუზიაზე, თანასწორობასა და ინტეგრაციაზე დაფუძნებული პოლიტიკა. შეწყვიტოს მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკა და უსაფრთხოების ნაცვლად, ის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს დააფუძნოს;

TDI ეპიდემიოლოგებს მოუწოდებს თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და ეთნიკურ/რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის მაპროვოცირებელი განცხადებების გავრცელებისგან.

„მსგავსი რიტორიკა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სტიგმატიზაციას და საზოგადოებაში ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს.“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.