„ლელო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, სულ მცირე 3 წლით, მედიაბიზნესი გადასახადებისგან გაათავისუფლოს

პუბლიკა

პოლიტიკური გაერთიანების „ლელოს“ ლიდერებმა სოფიო შამანიდმა და საბა ბუაძემ პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს და  ხელისუფლებას მოუწოდეს, შეარბილოს მედიაზე საგადასახადო წნეხი და სულ მცირე, სამი წლის განმავლობაში მედიაბიზნესი სრულად გაათავისუფლოს გადასახადებისგან.

„საქართველოში მედია გაცილებით მეტია, ვიდრე ბიზნესი. პლურალისტური მედია დღეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების სადარაჯოზე დგას.

საქართველოში რეგისტრირებული მედიასაშუალებების უმეტესობა კრიზისის დადგომამდეც ძალიან მძიმე ვითარებაში იყო და რთულად ართმევდა თავს სხვადასხვა, მათ შორის საგადასახადო, ფინანსურ ტვირთს. უკანასკნელ თვეებში შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ინკასო დაადო არაერთ ეროვნულ თუ რეგიონულ მაუწყებელს, რომელთა შემოსავალი ისედაც ძალიან მწირი იყო.

მეორე მხრივ, ბოლო წლებში, მედიასაშუალებებს ათეულობით მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერათ, თუმცა ეს პროცესები გაუმჭვირვალედ და ხშირ შემთხვევაში შერჩევითად მიმდინარეობდა. ამ პროცესში განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭებოდათ მსხვილ და ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილ მედიასაშუალებებს, ხოლო ყურადღების მიღმა რჩებოდნენ მცირე და მათ შორის რეგიონული მაუწყებლებიც. ამასთანავე, საგადასახადო ამნისტიით არ უსარგებლიათ ონლაინმედია საშუალებებს და რადიო მაუწყებლებს,“ – განაცხადა საბა ბუაძემ.

საბა ბუაძის განცხადებით, უმეტეს შემთხვევებში, მედიაბიზნესი საქართველოში არ არის მომგებიანი და ხშირად დამატებით ფინანსურ სტიმულირებას საჭიროებს.