გაიზრდება თუ არა ფასი სტომატოლოგიურ მომსახურებაზე – ასოციაციის პრეზიდენტის განმარტება

პუბლიკა

„პალიტრანიუსის“ ეთერში სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთევან გოგილაშვილმა განაცხადა, რომ სტომატოლოგიური კლინიკების მუშაობის გასაახლებლად საჭიროა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მარაგი, რაც გაძვირებულია.

„იმისათვის, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკამ განაახლოს მუშაობა, ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რომ მას ჰქონდეს მარაგი, მაგალითად, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორი კვირის მარაგი. 100%-ით კი არა, 400%-ით არის გაზრდილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და ეს არა მხოლოდ ჩვენთან არის ასე, არამედ მსოფლიო პრობლემაა. აქედან გამომდინარე, ერთი პაციენტის, მაგალითად, პაროდონტოლოგიური პაციენტის მიღების დროს, საშუალოდ, 50 ლარამდე (მინიმუმ) იზრდება მხოლოდ ეკიპირების ფასი“, – განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა.

მისივე თქმით, დღესდღეობით ერთი მიღებული ფასი, ყველა კლინიკა რომ მუშაობდეს, არ არსებობს, – ზოგი მაღალი, ზოგი საშუალო, ზოგიც დაბალი ფასით მუშაობს, მაგრამ, მისი განმარტებით, იმავე ფასითაც რომ დარჩეს ყველაფერი, მხოლოდ ეკიპირება გააძვირებს.

გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან უნდა აღდგეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ავრცელებს.