დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ვიდეოჩართვისას სილამაზის სალონებსა და სტომატოლოგიურ კლინიკებზე შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ის წესები, რაც არსებობს – ჰიგიენის, ფიზიკური დისტანციისა თუ ნიღბების გამოყენების, უნდა დაიცვას ყველამ, რადგან უფრო ეფექტიანი იარაღი ეპიდემიასთან საბრძოლველად ჯერ არ არსებობს.
„სილამაზის სალონებს რაც შეეხება, ამას წინათ რაღაც ნაშრომს გადავაწყდი, სადაც საუბარი იყო სხვადასხვა სივრცეში დაავადების აფეთქების თავისებურებების შესახებ. განხილული იყო აფეთქებები სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც რაღაც ჯგუფში ძალიან იოლად გაუვრცელდათ კოვიდი. ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ძალიან ბევრი ასეთი ჯგუფი შეიკრა, მაგრამ შედარებით ნაკლებია ასეთი რამ სილამაზის სალონებთან ორიენტირებული, რაც გვაძლევს იმედს, რომ ჩვენთანაც უფრო მეტად იქნება დაცული მიმსვლელიც და მომსახურე პერსონალიც, რადგან, ალბათ, ეს ბუნებრივად იმას უკავშირდება, რომ ჰიგიენური წესები კარგი მომსახურების სალონებში უფრო მეტად დაცულია და ამისთვის არსებობს სათანადო წესებიც, დამტკიცებული მინისტრის ბრძანებით, როგორ უნდა იყოს ამ სალონებში რეჟიმი დაცული.
რაც შეეხება სტომატოლოგიურ კლინიკებს, მათ სილამაზის სალონების გვერდით ვერ დავაყენებთ, რადგან აქ სხვა ტიპის მომსახურებაზეა საუბარი და, რეალურად, სტომატოლოგიურ კლინიკებს რისკი უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე სილამაზის სალონის მომსახურე პერსონალს, თუმცა სტომატოლოგიური კლინიკის ექიმები არიან ექიმები და კარგად იციან, როგორ დაიცვან წესები“, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.