დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, საქართველოში დეკემბერიდან მოყოლებული გრიპზე აღებული ნიმუშები გაიტესტა კორონავირუსზე და მათში კორონავირუსი არ აღმოჩნდა. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეკემბრის ნიმუშში კორონავირუსი აღმოაჩინეს.
„დეკემბრიდან მოყოლებული ყველა ნიმუში, რომელიც ტესტირებული იყო გრიპზე, ასევე გაიტესტა შემდგომში სარს კოვ 2 ვირუსზე და არცერთ მათგანში, ვიდრე 23 თებერვლამდე, როცა საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, კორონავირუსი არ დაგვიჭერია. ეს არის ერთ-ერთ მტკიცებულება იმის, რომ მანამდე არ ყოფილა საქართველოში ვირუსი.
ჩვენ მიერ მოგროვებული სინჯები ინახება ჩვენს საცავებში და ეს არის საყრდენი ბაზებიდან მოგროვებული სინჯები. ეს სინჯები დეკემბრიდან მოყოლებული გატესტილია. მანამდე არსებული სინჯები, რეალურად, ეჭვს არ იწვევს, რადგან მანამდე ჩინეთშიც არ იყო გამოვლენილი. თუ რომელიმე ქვეყანა აღმოაჩენს, რომ დეკემბრამდე იყო ეს ვირუსი, ჩვენ გვაქვს შენახული სინჯები და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუ საჭირო იქნება გავტესტავთ, მაგრამ ჯერ მტკიცებულება ამაზე არ არსებობს.“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
ამირან გამყრელიძის თქმით, შესაძლოა, მომავალში შეიქმნას მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი იქნება, დადგინდეს, როდის გაჩნდა ადამიანის სისხლში ანტისხეული. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, დავადგინოთ როდის დაინფიცირდა ადამიანი კორონავირუსით.
„არსებობს ექსპერიმენტული კვლევები, რომლითაც შეგიძლია, დაადგინო, ის G ანტისხეული რამდენად ძველია. რაღაც დროს მერე არ გამორიცხავ, შეიქმნას საშუალება, რომ რეტროსპექტულად შეისწავლონ, ადამიანებში ეს G ანტისხეულები დეკემბერში წარმოიქმნა, თუ მანამდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.