ვფიქრობ, ერთ თვეში გამოჩნდება ვალიდური ტესტები, რომლებიც მოგვცემს სეროპრევალენტობის კვლევის ჩატარების საშუალებას – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ხათუნა ზახაშვილმა შეკითხვაზე, როდის ჩატარდება საქართველოში მასშტაბური კვლევა ანტისხეულებზე, რომელიც გამოავლენს, რამდენმა ადამიანმა გადაიტანა ვირუსი, უპასუხა, რომ ჯერჯერობით ვალიდური ტესტები, რომლითაც მიზანშეწონილი იქნებოდა ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კვლევა, ხელიმისაწვდომი არაა.

„ჯერჯერობით, ვალიდირებული ტესტები, რომლებიც მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულიყო საყოველთაო კვლევა და მოგვცემდა სანდო ინფორმაციას გადატანილი ვირუსის შესახებ, სამწუხაროდ, ხელმისაწვდომი არაა. ცოტაა ისეთი ტესტები, რომელთაც აქვს სათანადო ვალიდაცია გავლილი.“ – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში გარკვეული რაოდენობა ტესტების სეროლოგიური კვლევისთვის აქვს, თუმცა სულ 200-ია და დიდ კვლევას არ ეყოფა.

„ვფიქრობთ, რომ ერთი თვის განმალობაში გამოჩნდება ვალიდირებული ტესტები, რომელიც მოგვცემს სეროპრევალენტობის კვლევის ჩატარების საშუალებას. ხშირად გვეკითხებიან, რატომ არ ვატარებ სწრაფი ტესტების კვლევას, იმიტომ, რომ მათი სპეციფიკურობა და სენსიტიურობა იმდენად დაბალია, ფუნდამენტური სეროპრევალენტობის კვლევის ჩატარება მიზანშეწონილი არაა, რადგან მიღებული ინფორმაცია არ იქნება მტკიცებულებებზე დაფუძნებული.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.