დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, საქართველოს მონაცემების მიხედვით, რეგისტირებული შემთხვევებიდან დაახლოებით 82% საშუალო და მსუბუქია. 18% ფასდება, როგორც მძიმე ან კრიტიკული. ერთ-ნახევარი პროცენტია ლეტალური გამოსავალი კრიტიკული შემთხვევებიდან.
„80 შეფასებულია, როგორც საშუალო სიმძიმის, 20 არის შეფასებული, როგორც კრიტიკული შემთხვევა და აქედან, სამწუხაროდ, 9 ლეტალურად დასრულდა“.
ხათუნა ზახაშვილის თქმით, ინფიცირებული პაციენტი, რომელიც მკურნალობას სახლში გადიოდა, გამოჯანმრთელებულია და ამჟამად ბინაზე მკურნალობას სხვა არავინ არ გადის და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მედგრად უძლებს ავადმყოფთა ამ რაოდენობას.
„ეს კარგია ორი წამყვანი მიზეზის გამო. პირველი ის, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება უფრო კარგად არის მართული, როცა დაავადებულები იზოლირებულები არიან საავადმყოფოში და მეორე ის, რომ მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა მიმდინარეობს მათ ჯანმრთელობაზე. როგორც ცნობილია, ამ დაავადებას ახასიათებს სწრაფად და მოულოდნელად დამძიმება და ასეთი შემთხვევების გამოვლენა ადრე ხდება კლინიკური სპეციალისტების მიერ“. – განაცხადა ზახაშვილმა.