ჩვენ არ გვაქვს არც ვაკე, არც პლატო, გვაქვს ტეხილი – ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, როდის დაეშვება ქვეყანა პლატოდან ვაკეზე, მან თქვა, რომ კარგი იქნება, დინამიკა ახალი ტერმინით შევაფასოთ, რადგან ეს დინამიკა უფრო არის ტეხილი.

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ თბილისი უბნებზე და ჩვენ არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე, თუმცა ეს არის ტერმინი, რომელსაც ჩვენც ვიყენებთ ეპიდსიტუაციის აღწერისთვის. რეალურად, ჩვენ რომ დავაკვირდეთ იმ მონაცემებს, რომელიც გვაქვს, ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე,  გვაქვს გარკვეული ტეხილი და შეგვიძლია, შემოვიტანოთ ახალი ტერმინი ჩვენს ურთიერთობაში, რომელიც ყოველ დღე აღნიშნავს მნიშვნელოვნად განსხვავებულ რიცხვებს.

ამ მიმართულებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი დინამიკა, იქიდან გამომდინარე, რომ ორი კვირის წინ იყო მნიშვნელოვანი ზრდა ინფიცირებული ადამიანებისა, რაც დღესდღეობით, არის კლებაში. თუმცა ამ კლების პროცესში არის გარკვეული დღეები, როდესაც არის გარკვეული ნახტომი და ჩვენ გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც 20-27 ინფიცირებული გვყავს 1 დღის მანძილზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 604 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან, 240 გამოჯანმრთელდა. 9 ადამიანი გარდაიცვალა.