ზვავში მოყოლილ მოქალაქეს მაშველები მეორე დღეა ეძებენ - საგანგებო

პუბლიკა

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილ ზვავში მოყოლილ მოქალაქეს მაშველები მეორე დღეა ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი თქმით, პროცესში ჩართულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, არსებობს ზვავის გამეორებით ჩამოწოლის საშიშროება, რაც აფერხებს სამაშველო ოპერაციას. ადგილზე მობილიზებული არიან ჰიდროლოგები, საძიებო-სამაშველო პროცესი მათი მეთვალყურეობითა და რეკომენდაციების მიხედვით მიმდინარეობს.

„გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ გუშინ შემოვიდა.

ზარის ინიციატორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებული იყო ორი მოქალაქე. მათ შორის ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. იგი გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მეორე დაკარგული მოქალაქის ძიება კი ამ დრომდე გრძელდება.

ზვავის ჩამოწოლის ადგილზე, დრონის საშუალებით ხდება ტერიტორიის მონიტორინგი. კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები თბილისიდან. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.