მოკლებული ვართ შესაძლებლობას, გადავამოწმოთ ინფორმაცია, რეალური სურათი არ გვაქვს - მინისტრი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინფიცირებულთა შესახებ

პუბლიკა

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გადამოწმების საშუალებას ხელისუფლება მოკლებულია, რის გამოც რეალური სურათი არ გვაქვს.

„ჩვენი ინტერესი ის არის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა დაცული იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მოხდეს გავრცელების პრევენცია, ჩვენი ორივე მიმართულებით ვმუშაობთ“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

მინისტრის განცხადებით, ვრცელდება ინფორმაციები აფხაზურ და ოსურ ენებზე. მოსახლეობის ინფორმირების პროცესში ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციების მისიებიც, მათ შორის, წითელი ჯვარი. ციხელაშვილის თქმით, პრობლემურია, რომ ცხინვალის რეგიონი თვეობით არის იზოლირებული და იქ გადაადგილება შეზღუდულია.

„იმედს გამოვთქვამ, რომ მოსახლეობა გამოიჩენს კეთილგონიერებას და დაიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული და შემუშავებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიერ”, – განაცხადა ციხელაშვილმა.


სააგენტო „Рес“-ზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით აინფიცირებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. პირველი შემთხვევა, ბიბილოვის თქმით, დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც რუსეთიდან 30 აპრილს ჩავიდა. დანარჩენი ორი – დედა და მისი 6 წლის შვილი ახალგორიდან ოკუპირებულ ცხინვალში 5 მაისს ჩავიდნენ.