„ჩვენი კამპანია მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, არ დავუშვათ კრემლის მხრიდან მათი ხსოვნით ცინიკური მანიპულირების მცდელობა და გამარჯვების დღე ევროპასთან ერთად 8 მაისს აღვნიშნოთ“ – MDF-მა ახალი საინფორმაციო კამპანია – „გამარჯვების დღე #ევროპასთანერთად“ დაიწყო.
ახალი კამპანიის მიზანი რუსული პროპაგანდის მიერ მეორე მსოფლიო ომის გამოყენებასთან ბრძოლაა. „მედიის განვითარების ფონდის“ განცხადებით, ამ ინიციატივით სურთ, აამაღლონ ცნობიერება იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს კრემლი მეორე მსოფლიო ომის ხსოვნას და სიმბოლიზმს, მათ შორის „უკვდავ პოლკს“ და წმინდა გიორგის ლენტს პოლიტიკურ ინსტრუმენტად.
„მაშინ, როცა დასავლეთ ევროპა ნაციზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებს, რუსეთი ამ მოვლენას 9 მაისს „უკვდავი პოლკის“ მსვლელობით ხვდება. 2017 წელს ამ სადავო ტრადიციის საქართველოში გაჩენას საზოგადოებრივი პროტესი მოჰყვა და თავად თარიღიც საზოგადოებრივი განსჯის საგანი გახდა.
საერთო ისტორიულ მეხსიერებაზე აპელირებით კრემლი ცდილობს ეს დღე საკუთარი საგარეო გავლენის ბერკეტად გამოიყენოს და სწორედ ამიტომ შეარჩია სიმბოლოდ წმ. გიორგის ლენტი და მოახდინა „უკვდავი პოლკის“ თავდაპირველი იდეის პოლიტიზება“, – წერს MDF.
ორგანიზაციის განცხადებით, „უკვდავი პოლკის“ იდეა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს გაუჩნდათ, კრემლმა მიითვისა და თავისი გავლენის გაფართოებისთვის იყენებს.
„შემთხვევითი არაა, რომ „უკვდავი პოლკის“ მარშის სიმბოლოდ წმინდა გიორგის ლენტი შეირჩა, რომელიც 2005 წლიდან საყოველთაოდ გამოიყენება რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამარჯვების აღლუმებზე და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში კრემლის ექსპანსიისა და ჩარევის სიმბოლოდ მიიჩნევა. მოგვიანებით წმ. გიორგის ლენტი გახდა სიმბოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და „ნოვოროსიას“ ანუ „ახალი რუსეთის“ კონცეფციის“, – წერს MDF.
„მედიის განვითარების ფონდმა“ „უკვდავი პოლკის“ კამპანიაზე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმიც მოამზადა.
https://www.facebook.com/mythdetector/videos/2909816945721478/