როგორ დაეხმარება მთავრობა ტურისტულ სექტორს - ანტიკრიზისული გეგმა

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მე-3 ეტაპის დეტალების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ტურიზმისთვის ანტიკრიზისული გეგმა მოითხოვს 200 მილიონი ლარის ბიუჯეტს და ამდენივეა გამოყოფილი. მინისტრის განცხადებით, ამ ბიუჯეტში ყველაზე წონადი საგადასახადო შეღავათებია – 135 მილიონ ლარი.

თურნავას განცხადებით, ტურიზმის სექტორში არსებული ქვედარგები 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფდებიან, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილი სასტუმროების, რესტორნებისა და ტურისტული კომპანიების სხვა შეღავათებზეც:

განთავსების ობიექტები

„სასტუმროებისთვის, რომელთა წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდეა, მოვახდენთ მათი საბანკო სესხის სუბსიდირებას სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე და ეს პროგრამა 6 თვეს გაგრძელდება“

მინისტრის თქმით, მთავრობა ამ სექტორს ასევე დაეხმარება ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობის თანხის სუბსიდირებით. „და რა თქმა უნდა მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაშიც დავეხმარებით“.

საკვები ობიექტები  

„სარესტორნო ბიზნესი ალბათ ყველაზე სწრაფად აღდგება“, – აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო საგარანტიო სქემაში, „რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაუდგება ამ ობიექტებს გვერდში საბანკო არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს, ხოლო  ახალი სესხების მოზიდვის დროს 90% თანაუზრუნველყოფას ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე“.

ტურისტული კომპანიები და გიდები 

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გლობალური დაჯავშნის სისტემის ფარგლებში, ტურისტულ კომპანიებს აქვთ გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელიც ითავლისწინებს საბანკო გარანტიების წარდგენას.

„საბანკკო გარანტიების პროცენტები, ამ პერიოდში, როდესაც ტურიზმი გაჩერებულია, მძიმე ტვირთად აწვება ტურისტულ კომპანიებს, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება: ისევე როგორც ვეხმარებით სასტუმროებს – ვუსუბსიდირებთ საბანკო პროცენტს, აქაც ანალოგიური მექანიზმით 6 თვის განმავლობაში საბანკო გარანტიის პროცენტს დავუსუბსიდირებთ“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა განაცხადა, რომ გიდებთან უწყებას აქტიური კომუნიკაცია აქვს და მათთვის ცალკე სპეციფიკურ პროგრამა მზადდება.

„[პროგრამა] პირველ რიგში იქნება მიმართული იქითკენ, რომ მოხდეს მათი იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია, იმიტომ, რომ ეს პრობლემაც დაგვიდგა ახლა და მოხდეს მათ შორის ხარისხის უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვა“, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით გიდებს დასაქმების პროგრამით დაეხმარებიან

„ეს მათ გარკვეულ ალტერნატიულ შესაძლებლობებს შესთავაზებს. იმ პერიოდში, სანამ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია ძველი ნიშნულის აღდგენის პროცესში იქნება. მათ ჩავრთავთ ჩვენს მცირე ბიზნესის პროგრამებში, მიკროგრანტებში, ექნებათ სხვადასხვა სპეციფიკური მიმართულებით ხელშეწყობა. ასევე მათი დასაქმება, სერტიფიცირება, გადამზადება და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მათ მივცემთ შესაძლებლობას, უფასოდ ესტუმრონ მუზეუმებს, დაცულ ტერიტორიებს და მსგავს იბიექტებს, ეს ობიექტები ყველაზე სწრაფად ამოქმედდება“, – განაცხადა ნათუა თურნავამ.