ანტივაქსერულმა მოძრაობამ ვერ დაძლია საღი, სამედიცინო აზრი – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ვაქცინების შესახებ ისაუბრა.

„კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ, ჯერჯერობით, კაცობრიობას ვაქცინაზე უკეთესი წამალი, ასე ვთქვათ, რომელიც იცავს ადამიანის სიცოცხლეს, ჯერ არ გამოუგონიათ.

ვაქცინებმა გადაარჩინა მილიონობით და ასეულმილიონობით ადამიანის სიცოცხლე. თქვენ წარმოგიდგენიათ, ახლა რომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობდეს. ცოფი ხომ 100%-ით სასიკვდილო დაავდებაა, რომ არ არსებობდეს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა. წითელა 90-იან წლებში ყოველწლიურად 500 ათას ბავშვს კლავდა, 5 წლამდე ბავშვს. ეს რიცხვი 100 ათასამდე შემცირდა, ვაქცინის გამო. თქვენ წარმოიდგინეთ, პოლიომელიტი კლავდა ყოველწლიურად 300 და 400 ათასამდე ადამიანს და უნარშეზღუდულს ხდიდა კიდევ 100 ათასობით ადამიანს. ახლა მხოლოდ სამ ქვეყანაშია ეს დაავადება დარჩენილი და ეს ყველაფერი გააკეთა სავალდებულო აცრამ. ის, რომ ყვავილი, რომელიც მილიონობით ადამიანს კლავდა, აღარ არსებობს, ვაქცინამ გააკეთა.

მე ვიცი ეს ანტივაქსერული მოძრაობა, გლობალური მოძრაობაა. არიან ამის მიმდევრები საქართველოში, ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებში, მაგრამ, ჯერჯერობით, ამ მოძრაობამ ვერ დაძლია ის საღი, სამედიცინო აზრი და მიდგომა, რომ ვაქცინა შედის მედიცინის ყველაზე დიდ აღმოჩენათა პირველ სამეულში.

სავალდებულო, ანუ კალენდარში ჩვენ გვაქვს „ბეცეჟეს“ ვაქცინა, პოლიომელიტის, წითელას, პაპილომავირუსის ვაქცინა დაემატა და ბევრი, 12-მდე ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა. არასავალდებულოში არის, მაგალითად, გრიპის ვაქცინები“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.