სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში სპეციალისტმა, დავით გზირიშვილმა forbes talks-ში საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
მან შეაფასა ქვეყნის მეირ გაწეული ძალისხმევა კორონავირუსის გავრცელებს პირველ ეტაპზე, ასევე – ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებული საკითხები და რისკები, რომლებიც შეზღუდვების მოხსნასთან შესაძლოა იყოს კავშირში.
ამ და სხვა საკითხებზე გთავაზობთ დავით გზირიშვილის მოსაზრებებს, რომლებიც მან გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში გააჟღერა.
მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გავრცელების მასშტაბი გაიზრდება და ეს გარდაუვალია.
„თუ ჩვენ გვჯერა, რომ შეკავებით დავიწყეთ და შეკავებით დამთავრდება ეპიდემიის მართვა, ანუ შეკავებული ეპიდემია არსად არ წავა და ჩაცხრება, რაზეც, როგორც ვატყობ, საზოგადოებაში განწყობა არის, მაშინ გამოდის, რომ ყველა ქვეყანაზე უკეთესად გვიმართია მსოფლიოში. მე ვეჭვობ და არანაირი საფუძველი იმის, რომ ასე ვიფიქროთ, რომ ეს შეკავება დიდხანს გაგრძელდება, არ მაქვს.
ის, რომ მეტი თავისუფლების, ანუ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რაოდენობა შემთხვევების გაიზრდება, ჩემთვის ეს რისკის თემა არ არის, იმიტომ, რომ აქ არაფერი არაა ალბათობაზე. შეიძლება სადავო იყოს, რა ტემპით გაიზრდება, მაგრამ ის, რომ გაიზრდება უდავოა და ეს არ მაშინებს, იმიტომ, რომ ეს გარდაუვალია. ეს ჩემთვის ეპიდემიის განვითარების ბუნებრივი ლოგიკაა. ვირუსი არსად წასულა და არც წავა, ამიტომ როგორც კი ჟანგბადს მეტს მისცემ, როგორც ალი, უფრო მეტად გაძლიერდება. აქ ერთადერთი რისკი არის ის, რომ ჩვენ ზედმეტად არ მივცეთ გაქანების საშუალება, რომ წაგვლეკოს და არ აღმოვჩნდეთ იმ ვითარებაში როგორშიც მარტის დასაწყისში აღმოჩნდა იტალია. ეს რისკი შეიძლება განვიხილოთ რისკად, მაგრამ ის, რომ გაიზრდება შემთხვევების რაოდენობა, ეს გარუდავალობაა.
მე იცით, რისი მეშინია ? ჩვენ თუ წინასწარ ვიზეიმეთ გამარჯვება და შემდეგ თუ გაიზრდება შემთხვევების რაოდენობა, ვიტყვით, რომ დავიღუპეთ და კიდევ უარესად შევშინდებით. ეს მაფიქრებს სერიოზულად. რადგან ასეთი განვითარება შეიძლება აღვიქვათ მარცხად“, – განაცხადა დავით გზირიშვილმა.
მისი თქმით, წარმატება განისაზღვრება იმით, რამდენად მზად ვარ იმისთვის, რაც ჩვენ გველის წინ და რამდენად გაუმკლავდება ქვეყანა ამას.
„ვირუსის ბუნებიდან გამომდინარე, თუ მას თავისუფლებას მივცემთ, შეიძლება ამოვყოთ თავი იქ, სადაც აღმოჩნდა სხვა ქვეყნები უგუნურების გამო, არ მიაქცია ყურადღება და შეკავებას არ ეცადა. რამდენიმე ქვეყანაა ასეთი – იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი. თუ ჩვენ ამას გავიმეორებთ მაისში, ამაზე დიდი უგუნერება მსოფლიოში არ იქნება. ის, რომ ჩვენთან გაიზრდება შემთხვევათა რაოდენობა და გავყვებით ავსტრალიის ტრაექტორიას, რომელსაც ბევრად მძიმე ტალღა აქვს, ვიდრე გერმანიას. ამ დინამიკას თუ გავყვებით, ეს არ არის წარუმატებლობა. წარმატება განისაზღვრება იმით, რამდენად მზად ვარ იმისთვის, რაც ჩვენ გველის წინ და რამდენად გავუმკლავდებით ამას. მე არ მივეკუთნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც ფიქრობენ, რომ სასწაული მოხდება, ულტრაისფერი სხივებით ვირუსი შეიცვლის ნირს, ჩვენ აგვივლის გვერდს და გააგრძელებს სხვა მხარეში არსებობას“, – განაცხადა დავით გზირიშვილმა.
მან არაერთხელ დაბეჯითებით გაიმეორა, რომ დაშვება, რომ ინფექცია შეკავებით გადატყდება წელში და აღარ გავრცელდება, არასწორია, რადგან, როგორც ჩანს, ეს ვირუსი გაქრობას არ აპირებს. ის ამბობს, რომ მთავარი ამ პროცესში დროის მოგებაა, რომ მოვემზადოთ, რათა ნაკლები დანარგებით გავაგრძელოთ ცხოვრება.
„შეკავების მერე ინფექცია გადატყდება წელში და აღარ გავრცელდება, არის ასეთი მოლოდინები, რომელიც არ გამოდგება, რადგან არსად არ აპირებს გაქრობას ეს ვირუსი და დროის მოგება არის ის, რომ ჩვენ ნაკლები დანაკარგებით გავაგრძელოთ ცხოვრება“, – განაცხადა დავით გზირიშვილმა.
კითხვაზე – რაში გამოიყენა საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ეპიდემიოლოგების მიერ მოგებული დრო და რამდენად მზად დახვდა ის გამოწვევებს? – უპასუხა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მესვეურთა განცხადებებით ჯანდაცვის სექტორში სიმძლავრეების გარკვეული რაოდენობა მზად იყო, თუმცა მათი გამოცდა ვერ მოხდა.
„უდავოა, რომ რაღაცაში მოვემზადეთ, მაგრამ რაში მოვემზადეთ, ამაზე რომ იყოს პასუხი, ეს იზომება ორი რამით – ან მომზადებული სიმძლავრე უნდა გამოიცადოს და ბრძოლაში ჩანს, იყო თუ არა სათანადოდ მომზადებული, რისგანაც ჩვენ შორს ვართ, ამაზე წარმოდგენა არ გვაქვს; და მეორეა – ობიექტური საზომები, რომლებზეც ვთანხმდებით წინასწარ და ვამბობთ, რომ თუ ჩვენ გვაქვს ამდენი საწოლი, ექიმი, აპარატი, მომზადებული ამ სტანდარტით და ა.შ. მაშინ ჩვენ ვართ მზად. ეს საზომები არავის დაუყენებია და თუ დაუყენებია არ უთქვამს. ამიტომაც ობიექტურად არაფერი ვიცით. ვიცით რაოდენობა, ვინ რამდენი ტრენინგი გაიარა. არის 12 მარტის ინტერვიუ თამარ გაბუნიასი [რადიო თავისუფლების გვერდზე], საკმაოდ ინფორმატიული, სადაც პირდაპირ არის რიცხვები, რომ გვაქვს 2000 მომზადებული ოჯახი ექიმი, 350 საწოლი. ეს არის 12 მარტის განცხადება და თუ ეს ასეა მართლა და ასეთი მზადყოფნა თუ გვაქვს, რას ველოდებით, რატომ ვიტანჯებით ასე და რატომ არ ვიწყებთ ნელ-ნელა გამოცდას თუნდაც ამ სიმძლავრის“, – განაცხადა დავით გზირიშვილმა.
მისი თქმით, როგორ გავრცელდება ვირუსი, ამის მათემატიკური სიზუსტით გამოთვალა არავის შეუძლია. თუმცა შესაძლებელია გათვლები, რომლებიც გარკვეული შეზღუდვების მოხსნას შესაძლებელს გახდის. მისივე თქმით, შესაძლებელია ჯანდაცვის სისტემაში არსებული სიმძლავრეების გამოყენება დაწყებულიყო და ბევრი არათანაზომადი შეზღუდვა არ დაწესებულიყო.
„ჩვენ ვირუსს გადავუკეტეთ გავრცელების ყველანაირი გზა მაქსიმალურად. ახალი ინფიცირებულების ნაკადი არ ჩნდება და შესაბამისად, ამ სიმძლავრის მზადყოფნა არაფერში გვჭირდება, ვერ ვიყენებთ და გვიხარია. ამ დროს თურმე სიმძლავრე გვაქვს, გასაგებია, რომ ეს არ არის ონკანის ანალოგია და ვერ ვიტყვი, რომ თუ ჩვენ, მაგალითად, გავხსნით სილამაზის სალონებს, ორ კვირაში ათით მეტი ახალი შემთხვევა გვექნება, ანუ სალონების გახსნის გარეშე გვექნებოდა საშუალოდ შვიდი შემთხვევა ყოველდღე და იმიტომ, რომ სილამაზის სალონი გაიხსნა, მაშინ იქნება 17 ახალი შემთხვევა და თუ ჩვენ ბავშვებსაც გაუშვებთ სკოლაში, ეს კიდევ 20-ით გაზრდის და სადღაც ამ ორი შეზღუდვის მოხსნით 40-მდე ავალთ. ასეთი სიზუსტით ონკანს ვერავინ ატრიალებს, მაგრამ მიახლოებით არსებობს გათვალები, სად არის ნაკლები აფეთქების რისკი, რომ შენ შეზღუდვა მოხსნა და ნაკადი გაზარდო. ამის გაკეთება შეიძლებოდა აპრილშიც და რატომ არ ვაკეთებთ ამას? კითხვა მაქვს – რისთვის ვინახავთ ამ სიმძლავრეს?
პირველი რეაქცია იყო – შეგვეშინდა, ჩავიკეტეთ. ეს ბუნებრივი და გამართლებული რეაქციაა, მაგრამ ჩირგვებში ხომ არ შეიძლება იჯდე ამდენი ხანი. ჩავკეტეთ, გავმარგრდით ციხე-ქალაქში, მტერი მოგვადგა, გვითავდება საჭმელი, გავწყდებით და აგერ ვიგებ, რომ მთის მეორე მხარეზე სიმძლავრე გვიყენია. შეგვიძლია გავხსნათ გალავანი, გავიდეთ გარეთ – კი იქნება მეტი შეხლა-შემოხლა, მაგრამ შიმშილით არ გავწყდებით მთელი ქალაქი. უცებ გვესმის, რომ სიმძლავრე გვაქვს და არ ვიყენებთ“, – განაცხადა დავით გზირიშვილმა.