ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, რომ ექთანი, რომელიც მუშაობს საგარეჯოს კლინიკაში და ასევე ბოჭორიშვილის კლინიკაშიც, იმყოფება იზოლირებულ ბოქსირებულ სექტორში.
სოლოღაშვილის თქმით, ექთანი კლინიკის 66 დადასტურებულ შემთხვევას შორის არ მოიაზრება. ექიმების გადაწყვეტილებით, მის ანალიზებს ამოწმებენ PCR მეთოდით.
„მედიკოსი, რომელიც საგარეჯოს კლინიკაშიც მუშობს და ბოჭორიშვილის კლინიკაშიც, იმყოფება იზოლირებულად ბოქსირებულ სექტორში. გვქონდა ერთი პრეცედენტი ცოტა ხნის წინაც და გვაქვს მეორე პრეცედენტიც, როდესაც მედიკოსების შეხედულეისამებრ ხდება კვლევის გადამოწმება. ეს მედიკოსი, ვისზეც ვსაუბრობთ, დადასტურებულ 66 პაციენტს შორის ამჯერად არ მოიაზრება. დღეს მოხდება გადამოწმება ოქროს სტანდარტით, Pcr კვლევით, ამის შემდეგ ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას, ვადასტურებთ თუ არა ამ დიაგნოზს“, – განაცხდა მაკა სოლოღაშვილმა.
სოლოღაშვილმა აღნიშნა, რომ ყოველი შემთხვევისთვის, კონსტაქტები შესწავლილია, რომ დადებითის დადასტურების შემთხვევაში დრო არ დაიკარგოს.
კითხვაზე – ჩაუტარდა თუ არა ექიმს PCR – ტესტი? – მაკა სოლოღაშვილმა უპასუხა, რომ PCR-ტესტი, სავარაუდოდ, ჩატარებულია.
„ჩვენ ოფიციალური ტესტის პასუხის არ გვაქვს ჯერჯერობით. როგორც ვიცით, მასალა აღებულია ცხვირ-ხახიდან. სავარაუდოდ, ჩატარებულია PCR-ტესტი, მაგრამ არის მეორე შემთხვევა, რომელიც ექიმების შეხედულებისამებრ, საჭიროებს გადამოწმებას“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.
გუშინ კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ექთანს კორონავირუსი PCR-ტესტით დაუდგინდა. ქადაგიშვილმა „პუბლიკას” უთხრა, რომ მოძიებულია მისი ყველა კონტაქტი და ცნობილია სავარაუდო ინფიცირების წყაროც.