ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნიამ ერთიანი ეროვნული გამოცდების მზადების პროცესზე „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და განათლების სამინისტროსთან ერთად გეგმაზე მუშაობს. მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა საგამოცდო ოთახების ვენტილაციაა.
„აქ არის რამდენიმე კრიტიკული პირობა, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს. პირველი ისევ და ისევ რჩება დისტანცირება. დისტანცია უნდა იყოს საიმედო იმისთვის, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. ვიცით, რომ ეს არის სულ მცირე 1,5, მაგრამ სასურველი დისტანცია არის 2 მეტრი. მაგიდები გონივრული დაშორებით უნდა განლაგდეს“, – განაცხადა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, აუცილებლად გამოიყენებენ თერმოსკრინინგსაც.
„იმაზეც არის საუბარი, რომ ტემპერატურის ოდნავ მატების შემთხვევაში რამდენად იქნება შესაძლებელი, შეიქმნას იზოლირებული კაბინები იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც შესაძლოა, ემოციურ ფონზე დაუფიქსირდეს ტემპერატურის მატება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა საგამოცდო ოთახში ვენტილაციაზე.
„აქ კონდიცირების სისტემის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ არ იქნა თანმდევი ვენტილაცია. სწორედ ახლა ყველაზე რთული გადაწყვეტა იქნება უსაფრთხო ვენტილაცია იმ გარემოში, სადაც აბიტურიენტები ჩააბარებენ გამოცდას. ბუნებრივი ვენტილაცია არის ყველაზე საიმედო საშუალება, თუმცა სიცხის გამო შეიძლება, ეს ვერ მოხერხდეს და ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას. იმედი მაქვს, ამ ნაწილის ტექნიკური გადაწყვეტა დროულად მოხერხდება ისე, რომ გამოცდების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას“, – განაცხადა გაბუნიამ.