მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სტომატოლოგიური კლინიკები გეგმური სერვისების მიწოდებას შეძლებენ

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტრომ გეგმური სტომატოლოგიური მომსახურებების აღდგენაზე განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ყველა ის კლინიკა, რომელიც დააკმაყოფილებს სამინისტროს მიერ დაწესებულ მოთხოვნებს, შეძლებს, მოქალაქეებს მიაწოდოს გეგმური მომსახურებები.

„ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, შემუშავდა გარკვეული მოთხოვნები გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენასთან დაკავშირებით.

დღის ბოლომდე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე  www.rama.moh.gov.ge  გამოქვეყნდება სპეციალური განაცხადის ფორმა და ის მოთხოვნები, რომლებსაც სტომატოლოგიური დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ.

სტომატოლოგიურმა კლინიკებმა უნდა შეავსონ განაცხადი  და გადმოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე – dent@moh.gov.ge“, – განაცხადა ზაალ კაპანაძემ.

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით,  11 მაისიდან რეგულირების სააგენტოსა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები შემოსული განცხადებების საფუძველზე სტომატოლოგიური კლინიკების მონიტორინგს დაიწყებენ.

„შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში და გეგმიური შემოწმების განხორციელების შემდეგ, კლინიკებს მიეცემათ უფლება, ჩვენს მოსახლეობას მიაწოდონ გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების სერვისი“, – აღნიშნავს ზაალ კაპანაძე.