რა უნდა ვიცოდეთ გენდერული თანასწორობის შესახებ – საქართველოს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ინიციატივით, გენდერული თანასწორობის შესახებ ქართულენოვანი, უფასო ელექტრონული კურსი შემუშავდა.
დაინტერესებულ ადამიანებს, მისი დახმარებით, შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების აქტუალურ საკითხებზე. ინფორმაციას კურსის შესახებ ომბუდსმენის სამსახური ავრცელებს.
ძირითადი ტერმინები, სექსიზმი, არსებული გენდერული სტერეოტიპები და დისკრიმინაციული ნორმები, გენდერული თანასწორობის მნიშვნელობა, ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობა – ეს იმ თემების ნაწილია, რომლებსაც კურსი აერთიანებს. იგი იძლევა პრაქტიკულ ცოდნას ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის, ასევე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ, რომელიც ადამიანებს არა მარტო ცნობიერების ამაღლებაში, არამედ პროფესიული საქმიანობის წარმართვაშიც დაეხმარება.
ინტერაქტიული კურსი 3 მოდულისა და შესაბამისი სავარჯიშოებისგან შედგება. მის გასავლელად მსურველებს მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდებათ. დასრულების შემდეგ კი მათ სერტიფიკატის აღების შესაძლებლობაც ექნებათ. კურსი განთავსებულია ბმულზე www.genderequality.ombudsman.ge