ცერცვაძის თქმით, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტზე გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა გამოიყენეს

პუბლიკა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა საქართველოში გამოჯანმრთელებელი პაციენტის პლაზმის გამოყენებაზე ისაუბრა. შეკითხვა პლაზმის გამოყენებაზე ცერცვაძეს ჟურნალისტმა დაუსვა.

„ ჯერ არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ რახან შეკითხვა დასვით ვალდებული ვარ გიპასუხოთ, რომ – დიახ, კრიტიკულ პაციენტზე ჩვენ გამოვიყენეთ ერთხელ გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმა. ხშირად გესმოდათ, რომ ინფექციურ საავადმყოფოში წევს ერთი კრიტიკული პაციენტი, 83 წლის ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა მძიმე პნევმონია, გიპერტონული დაავადება და შაქრიანი დიაბეტი აქვს.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი იყო. ის ჟანგბადდამოკიდებულიც იყო, მართალია ინტუბირებული არ იყო, მაგრამ სისტემატურად სჭირდებოდა ჟანგბადის მიწოდება. ჩვენ გამოვიყენეთ პლაზმის გადასხმა ორჯერ და ასევე გამოვიყენეთ ძლიერმოქმედი მედიკამენტი ტოცილიზუბაბი.

ამაზე მოვაწყობთ სპეციალურ ბრიფინგს, მაგრამ ჯერ არ გვინდოდა ამის გაკეთება, რადგან ჯერ არ ითვლება, რომ გამოვიდა კრიტიკული მდგომარეობიდან, თუმცა კრიტიკულობის პიკმა გაიარა. ჯერ ეს პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. უფრო ზუსტად ამ პაციენტზე ინფორმაციას მიგაწოდებთ ორ-სამ დღეში, როცა ან კრიტიკული პერიოდი გაივლის და ის გამოჯანმრთელდება, ან შედეგი იქნება არასასურველი, რისი დაშვებაც არ მინდა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ მაუწყებლის ეთერში.