აუცილებელია, შესრულდეს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები - კინზინგერი

პუბლიკა

აშშ-ის კონგრესის წევრი, ადამ კინზინგერი, აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის ელჩების მიერ გავრცელებულ პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივ განცხადებას ტვიტერზე ეხმაურება. მისი თქმით, აუცილებელია შესრულდეს, შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

„მშვენიერი ნათქვამია. აუცილებელია, საბოლოოდ შესრულდეს ეს შეთანხმება და [მხარეები] წინ წავიდნენ“, – წერს კონგრესმენი და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტვიტს აზიარებს.


აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის ელჩები – პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები — 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ყველა მხარეს მოუწოდებენ, „სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული 8 მარტის შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციის მტკიცებით, შეთანხმებას მეორე ნაწილიც აქვს, რომელიც საპატიმროებიდან პოლიტპატიმრების, მათ შორის, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებას ითვალისწინებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპარლამენტო კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.