ვართ პირველი ქვეყანა, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით განაცხადა, რომ საზღვრებს ხსნის - ქვრივიშვილი

პუბლიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნეს პარტნიორის“ ეთერში აღნიშნა, რომ 18-მა ავიაკომპანიამ უკვე გამოთქვა მზაობა საქართველოდან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე.

„ჩვენ ამაყი ვართ, რომ საქართველო ისევ ძალიან ამბიციურია და ვართ პირველი ქვეყანა, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით განაცხადა, რომ ხსნის საზღვრებს. მაშასადამე აგრძელებს ტურიზმის ინდუსტრიას“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვას – იქნება თუ არა საზღვრების გახსნა დამოკიდებული მხოლოდ საქართველოზე? – მარიამი პასუხობს:

„მე უკვე გეტყვით პოზიტიურ ამბებს, რაც დაგარწმუნებთ იმაში, რომ ჩვენი ინიციატივა ბევრი სხვა ქვეყნისთვისაც ძალიან პოზიტიური იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მარტონი არ ვართ და ყველა ის სტრატეგიული, სამიზნე ქვეყანა, რომელიც ჩვენთვის ტრადიციულად იყო საინტერესო, ან გვინდოდა ბაზრის მეტი წილის აღება, მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს უსაფრთხო დერეფნების ფორმატით თანამშრომლობას, უკვე მიდის ძალიან პოზიტიური ტრენდით“.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ არსებული 36 ავიაკომპანიიდან, 18-მა ავიაკომპანიამ უკვე განაცხადა მზაობა, რაც მისი განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ ეს არის მინიმუმ 18 მიმართულება, რომელიც ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საჰაერო მიმოსვლით ემატება. ეს კი ნიშნავს კიდევ უფრო მეტ კავშირს ტრანზიტულ ქვეყნებთან.

„ქვეყნების პროტოკოლიდან გამომდინარე, მე გამიჭირდება, რომ უფრო მეტ სიღრმეში ჩავიდე. ერთადერთი ქვეყანა, რომელზეც შემიძლია ხელშესახებად ვისაუბრო, ეს არის ისრაელი. იმიტომ, რომ ისრაელის ელჩმა  საქართველოში თავად განაცხადა საჯაროდ, რომ ჩვენი ჩვენი მოლაპარაკებები ძალიან ღრმა ეტაპზეა და უკვე არსებობს მზაობა მათი ეროვნული ავიახაზების, რომ განაგრძოს და დაბრუნდეს საქართველოს საჰაერო საავიაციო სივრცეში“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.