„ამ ყველაფერზე მას პასუხს მოსთხოვს ქართული საზოგადოება არჩევნებზე, მაგრამ ივანიშვილს პირადად მოუწევს პასუხისგება აშშ-სა და ევროკავშირის ასე უტიფრად გადაგდებისთვის”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ოთო კახიძემ „TV პირველის” ეთერში განაცხადა.
„მას თუ ჰგონია, რომ თან დასავლეთის სიკეთეებით ისარგებლებს, და თან ასე უტიფრად მოატყუებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტებს, ძალიან ცდება. მასზე უფრო მდიდარი და გავლენიანი პირებიც დაქვემდებარებულან სანქციებს დასავლეთის მხრიდან და ისიც ჩაგდება მათ რიგში. და ქარის საწინააღმდეგოდ ფურთხებას, რომელსაც იგი აგრძელებს მთელი ამ თვეების განმავლობში, ექნება მისთვის ძალიან ტრაგიკული დასასრული. ამიტომ გონს მოეგოს და შეასრულოს დაპირება, რომელიც გასცა ქართველი ხალხის წინაშე და რომელ დაპირების გაცემასაც და შეთანხმებაზე ხელმოწერასაც ესწრებოდნენ საქართველოს მეგობრები ევროკავშირიდან და აშშ-დან”, – ამბობს კახიძე.
მისი თქმით, ოპოზიცია პრინციპულად აყენებს ორივე საკითხს – საარჩევნო სისტემასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. კახიძე ამბობს, რომ პოლიტპატიმრების საკითხის მოხსნით გამოვა, რომ „ივანიშვილს ყველაფერი გასდის”.
„რა თქმა უნდა, ჩვენ პრინციპულად ვსვამთ ორივე საკითხს, თუ ჩვენ რაიმე ფორმით დავთმეთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა და მაინც დავუჭირეთ მხარი ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილს ყველაფერი გასდის, ამის დაშვება არის დამღუპველი… აქ ერთი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე რომელიმე პატიმრის ციხეში ყოფნა-არყოფნა. ეს არის საკითხი – ჩვენ უნდა გავუტაროთ თუ არა ივანიშვილს ასეთი ტიპის თავხედობა. ამ თავხედობას თუ არ დავხვდით მტკიცედ და პრინციპულად, ის მას განაგრძობს. არ შეიძლება გავუტაროთ მას ეს თავხედობა და ამაზე პასუხი უნდა მოვთხოვოთ”, – აღნიშნა კახიძემ.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
ოპოზიციის მტკიცებით, შეთანხმებას მეორე ნაწილიც აქვს, რომელიც საპატიმროებიდან პოლიტპატიმრების, მათ შორის, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას, გათავისუფლებას ითვალისწინებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საპარლამენტო კენჭისყრაზე კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.