როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ არ გახდეს საჭირო საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება.
„ეს მეტწილად იქნება დამოკიდებული ეპიდსიტუაციასა და იმ რეკომენდაციებზე, რასაც ჯანდაცვის სამსახურები მოგვცემენ”, – განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, მიუხედავად შეზღუდვებისა, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის გეგმას შეასრულებს და ჯეროვნად უზრუნველყოფს საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას.
ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის დაწესების მოთხოვნით გიორგი გახარიამ პრეზიდენტს 21 მარტს მიმართა. მთავრობის შემდგომი გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდა.
შეზღუდვების მოხსნის გეგმის მიხედვით, 27 აპრილიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება; სრულად დაშვებულია ონლაინვაჭრობა (საბითუმო და საცალო), მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.
5 მაისიდან დასაშვებია ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, მასალების წარმოება, მშენებლობის ზედამხედველობა; ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა; ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.
11 მაისიდან დასაშვებია თბილისში შესვლა და გამოსვლა, გაიხსნა ყველა სახის წარმოება; ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს. ეს არ ეხება მოლებს და ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს; ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები; კომპიუტერების, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი; სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება;
შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის 6-ეტაპიანი გეგმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 24 აპრილს წარადგინა.