„კოვიდინფექციის გამოვლენის რაოდენობა, ჯერჯერობით, დაღმავალია, ანუ იკლებს, რა თქმა უნდა, ამ ფონზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდსიტუაციას აქვს დამშვიდების ტენდენცია, მაგრამ ამან ჩვენ არ უნდა გაგვათამამოს და არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ ჩვენ COVID19 უკვე დავამარცხეთ ქვეყანაში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე და განმარტა, რომ, თუკი მოქალაქეები არ დაიცავენ სოციალურ დისტანცირებასა და ჰიგიენასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, შესაძლოა, ინფიცირებულთა რაოდენობა კვლევ გაიზარდოს.
„ზოგადად, ზაფხულის განმავლობაში, ამას პროგნოზირებს მეცნიერთა უმრავლესობა, რომ ზაფხულში უნდა იყოს უფრო მეტად მშვიდი პერიოდი , მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს. ზაფხულში ყველა ქვეყანა უნდა მოვემზადოთ, რომ ვთქვათ, შემოდგომის მიწურულიდან, როცა უკვე რესპირაციული ინფექციები მწვავდება, არ იყოს ზედდება. ამაზე პროგნოზირებენ, რომ ამის ალბათობა არსებობს, შემდგომი ტალღის, ვთქვათ, გრიპთან ერთად. ამიტომ უნდა იყოს მზადყოფნა ყველა სექტორის, რომ თუ იქნება მეორე ტალღა, უკვე გამოცდილება სერიოზულია დაგროვებული ქვეყანაში, რომ შესაბამისად, ადეკვატურად უპასუხოს ქვეყანამ.
ქვეყანა მიდის იმ 6-ეტაპიანი შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის მიხედვით, ზოგიერთი ეტაპი, რადგან ეპიდსიტუაცია იძლევა საშუალებას, უფრო ჩქარდება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ნაბიჯ-ნაბიჯ და ისევ და ისევ ეტაპობრივად“, – განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას, გამყრელიძე ამბობს, რომ ეპიდსიტუაციის ანალიზის საფუძველზე ამ საკითხს საკოორდინაციო საბჭოზე განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.