ზახაშვილის თქმით, შესაძლოა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მინიმალური დატვირთვით განაახლოს მუშაობა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელძმღვანელის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, მისი ინფორმაციით ამჟამად დაგეგმილია საზოგადოებრივი ტნრანსპორტის მინიმალური დატვირთვით მუშაობის აღდგენა, რაც გულისხმობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანთა შეზღუდული რაოდენობით ყოფნას. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა.

„საჭიროა ტრანსპორტის ამუშავება, ეს ადამიანთა გადაადგილების ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა ქალაქებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტი ასევე მნიშვნელოვანია საქალაქთაშორისო მიმოსვლების აღდგენის პროცესში, თუმცა მთელი ამ აღდგენის პროცესი მოხდება იმ ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც წარმოიქმნება ყოველდღიურად და შეიძლება ყოველდღიურ ცვლილებებთან იყოს დაკავშირებული. ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი ცვლილება საზოგადოებრივ გადაადგილებასთან ერთად ასოცირებულია შესაძლო რისკების მატებასთან. და თუ ამ რისკების მატების შედეგად დღის წესრიგში დადგა დაავადებათა შემთხვევების შესაძლო მატება, რამაც შესაძლოა რისკი შეუქმნას საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, სამწუხაროდ, შეიძლება პერიოდულად მოგვიწიოს უკუსვლების გაკეთება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაზე კვლავ ამა თუ იმ სახით შეზღუდვების დაწესება.

ამჟამად, როგორც ჩემთვის ცნობილია, მოიაზრება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მინიმალური დატვირთვით მუშაობა, რაც გულისხმობს ადამიანთა შეზღუდული რაოდენობის ყოფნას საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მომხმარებლების მიერ პირბადებიის გამოყენებას ტრანსპორტით სარგებლობისას.

რაც შეეხება იმას, დარჩება თუ არა ძალაში 3-კაციანი შეზღუდვა, ესეც ის სახეობაა, რომელიც უზრუნველყოფს გადაადგილების გარკვეულ შემცირებას და გამოიყენება არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრგან და უპირველეს ყოვლისა  ტაქსებით გადაადგილებისას.

მოხსნა უნდა მოხდეს ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით და თუ მოგვცემს საშუალებას, პირველ რიგში დაშვება უნდა მოხდეს კერძო სახის ავტომობილებით სარგებლობისას“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.