შემოდგომაზე გვიყვარს ხოლმე დიდი ქორწილები და დიდი დაბადების დღეები, ალბათ წელს მოგვიწევს უარის თქმა - გამყრელიძე

პუბლიკა

„თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად გულისხმობს, რომ ზოგიერთ ჩვენ იმ ძალიან კარგ ტრადიციაზე, რაც გვაქვს ქართველებს (არამარტო ქართველებს), წელს თავი უნდა შევიკავოთ. განსაკუთრებით შემოდგომაზე გვიყვარს ხოლმე, ხომ დიდი ქორწილები, დიდი დაბადების დღეები. ალბათ წელს მოგვიწევს უარის თქმა“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით კი, ეპიდემიოლოგებს რაც უნდათ, არის ის, რომ რაც შეიძლება ცოტა იყოს ავადობა. ცოტა ავადობა იმის პირდაპირპროპორციულია, რამდენი ადამიანი შევიკრიბებით სადმე ერთად.

„რაც შეიძლება მეტად და დიდხანს შევიკავოთ თავი ხალხმრავალი თავშეყრებისაგან. ამასთან ჩვენ კარგად გვესმის, რომ ადამიანები სოციალური არსებები არიან და დიდხანს ვერ გაძლებენ სოციუმის გარეშე და გვესმის, რომ თავშეყრებზეც გარკვეული დაშვებები იქნება გაკეთებული“, – აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

ზახაშვილის თქმით, მათი რეკომენდაცია იქნება ის, რომ ეპიდსიტუაციის მიხედვით და მაშინ, როდესაც რეპროდუქციის ინდექსი, რიგი მახასიათებლები (გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, ახალი შემთხვევების რიცხვი, ლეტალობის მაჩვენებელი) იქნება გარკვეულწილად სტაბილური და დაბალი, ამის შემდეგ ნელ-ნელა გაფართოვდეს თავმოყრილ ადამიანთა ოდენობა.

„ისევ და ისევ ამ გაფართოებასთან ერთად დავაკვირდეთ, რა სიტუაცია შეგვექმნება ქვეყანაში და ამის მიხედვით ვმართოთ თავშეყრის პროცესები“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.