საქართველოში უსიმტომო პაციენტების რაოდენობა 4-7%-ის ფარგლებში მერყეობს - ზახაშვილი

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან ძალიან მცირე იყო უსიმპტომო შემთხვევები.

„ყველა იმ რეგისტრირებული 647 შემთხვევიდან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იყო, მკურნალობდა ან გადის მკურნალობას, მართალი გითხრათ, ძალიან იშვიათი იყო, როდესაც კარგი ჩაკითხვით აღმოჩნდებოდა, რომ ადამიანებს არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. ასეთი შემთხვევების რაოდენობა 4-7 %-ის ფარგლებში მერყეობდა, ამ ადამიანების გამოკითხვით.  ძალიან დაბალია“, – განაცხადა ზახაშვილმა.

მისი თქმით, სიმპტომებს შორის ყველაზე ხშირი იყო ცხელება და შემცივნება. ზოგ შემთხვევაში კი გამოვლინდა მონოსიმპტომი.

„ამ სიმპტომებიდან ყველაზე ხშირი იყო ცხელება და შემცივნება, შემდგომ ამას მოჰყვებოდა ხველა, ზოგადი სისუსტე, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სურდო, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ყნოსვის ან გემოვნების ცვლილება, დიარეა, გულისრევა, ღებინება, გულ-მკერდის ტკივილი და ზოგ შემთხვევაში იყო, რომ მხოლოდ მონოსიმპტომი იყო გამოხატული და ადამიანები ამას ვერაფრით, თავისი წარმოსახვით ვერ უკავშირებდნენ ხოლმე covid ინფექციას. ასე, შემდგომი ჩაკითხვით მაინც დგინდება, რომ ადამიანებს რაღაც სიმპტომი მაინც აქვთ გამოხატული. ძალიან იშვიათია, რომ სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდა“, – განაცხადა ზახაშვილმა.

ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, რომ  სიმპტომები უფრო ნაკლებად გამოვლინდა ახალგაზრდა ასაკში.  მან მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ყურადღებით იყვნენ საკუთარ ჯანმრთელობასთან მიმართებაში და დააკვირდნენ სიმპტომებს.