ჯინექსპერტის აპარატებისთვის 1500-მდე კარტრიჯი გვაქვს შეძენილი - ამირან გამყრელიძე

პუბლიკა

ამირან გამყრელიძემ დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ცენტრის თანამშრომლებთან ერთად კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხობდა, კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევისთვის ქვეყანაში ჯინექსპერტის აპარატების იმ კარტრიჯებით უზრუნველყოფაზე ისაუბრა, რომლებიც კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის შეიქმნა და რომელიც კლასიკური Pcr-ტექნოლოგიისგან იმით განსხვავდება, რომ კვლევისთვის 45 წუთი სჭირდება.

მისი თქმით, კომპანიისგან, რომელიც ამ კარტრიჯებს აწარმოებს, ქვეყანამ უკვე შეისყიდა 1500-მდე კარტრიჯი და მომავალშიც გაეროს ბავშვთა სააგენტოს მხარდაჭერით ამ კარტრიჯების მიღება იგეგმება.

„საქართველოში ჯინექსპერტის 50-მდე სისტემა დგას. ეს გახლავთ იმავე pcr-ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, ოღონდ უფრო აჩქარებული. თუ კლასიკურ pcr-ტექნოლოგიას სჭირდება სამი ოთხი ან ხუთი საათი, აქ 45 წუთში გაქვს საკმაოდ ზუსტი პასუხი, მაგრამ „ცეფეიდმა“ ამის გამოშვება დაიწყო და ეს არის კარტრიჯების პრინციპზე აწყობილი სისტემა, ანუ არის ც ჰეპატიტისთვის და სხვადასხვა ინფექციების კარტრიჯები. ახლა გაკეთდა კარტრიჯი კოვიდისთვის. დამუშავეულ მასალას ამ კარტრიჯში ჩადებთ  შემდეგ სპეციალურ მანქანაში, რომელსაცჰქვია ჯინექსპერტი და 45 წუთში მოგცემთ პასუხს.

რთული მოსაპოვებლია ეს კარტრიჯები. „ცეფეიდმა“ FDA-ისგან დასტური მარტის ბოლოს მიიღო და აპრილიდან დაიწყეს მასიური გამოცემა. ჯერ დღეში 10, 000 იყო, შემდეგ 15, 000. ახლა 30, 000 უშვებენ, მაგრამ ის ძირითადად ნაწილდება მაღალი დაზიანების ქვეყნებში, როგორიც არის იტალია, საფრანგეთი დიდი ბრიტანეთი.

ჩვენ ძალიან ვეცადეთ და გვაქვს კარგი თანამშრომლობა მწარმოებელ კომპანიასთან და რამდენიმე საერთო პროექტი გვაქვს განხორციელებული. „ცეფეიდი“ თანამშრომლობაზე წამოვიდა. 1500 კარტრიჯი ვიყიდეთ და გარკვეულ ჩვენებებით ვხმარობთ.

გადავეცით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას, რადგან მძიმე ავადმყოფები არიან ამ კლინიკაში და სწრაფი დიაგნოსტიკისთვის იყენებენ. ასევე გადავეცით ინფექციურს გარკვეული რაოდენობა და გვქონდა კიდე მოლაპარაკებები.  „ცეფეიდი“ უკვე ანაწილებს გაეროს სხვადასხვა სააგენტოების –  გაეროს ბავშვთა ფონდის, განვითარების საგენტოს საშუალებით სხვადასხვა ქვეყნებში და ჩვენ რიგში ვდგავართ, არ მინდა თქმა, მაგრამ გაეროს ბავშვთა სააგენტო გვპირდება, რომ გარკვეულ რაოდენობას ქვეყანა ამ კარტრიჯებისა მიიღებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.