კორონავირუსი შესაძლოა, არასდროს გაქრეს – ჯანმო

პუბლიკა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოში ბევრი ელოდება კორონავირუსის პანდემიის დასრულებას და Covid-19-ის გაქრობას, თუმცა, ვირუსი შესაძლოა, არც გაქრეს და სხვა ვირუსების მსგავსად ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდეს.

ჯანმოს დირექტორატის წევრის, დოქტორ მაიკ რაიანის თქმით, არ იქნება მართებული, თუკი კორონავირუსის საბოლოოდ გაქრობაზე დავამყარებთ მოლოდინს. მართალია, მსოფლიოში კორონავირუსის უკვე 100-ზე მეტ ვაქცინის კანდიდატზე მუშაობენ, მაგრამ ვაქცინის პირობებშიც, რაიანის თქმით, კორონავირუსი შეიძლება არ გაქრეს. ამის მაგალითია წითელა, რომლის ვაქცინაც არსებობს, მაგრამ ვირუსი არსებობას განაგრძობს.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს გავიაზროთ. კორონავირუსი შეიძლება რიგით, ენდემურ ვირუსაც გადაიქცეს და გააგრძელოს ჩვენს საზოგადოებაში ყოფნა. ასე რომ, შესაძლოა, ის არც არასდროს გაქრეს“, – თქვა მაიკ რაიანმა ჟენევაში გამართულ ვირტუალურ კონფერენციაზე.

რაიანის აზრით, ვაქცინის გამოგონების შემდეგ კორონავირუსის გავრცელების კონტროლსაც კი ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდება. „არსად გამქრალა აივ ინფექციაც. ჩვენ მასთან ერთად ცხოვრებას შევეჩვიეთ“, – დასძენს მაიკ რაიანი.