მიწაზე ქონების გადასახადისგან ეკლესიის გათავისუფლებაზე სარჩელს საკონსტიტუციო განიხილავს

პუბლიკა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად მიიღო ცხრა რელიგიური გაერთიანების კონსტიტუციური სარჩელი.

კონსტიტუციური სარჩელით რელიგიური ორგანიზაციები მოითხოვენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის საფუძველზეც, არაეკონომიკური მიზნით გამოყენებულ მიწაზე ქონების გადასახადისგან მხოლოდ ერთი რელიგიური გაერთიანება, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელი ეკლესია არის გათავისუფლებული. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი მიდგომა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას ეწინააღმდეგება.

გასაჩივრებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს არ ათავისუფლებს მიწის გადასახადისგან, მიწის არაეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევაში. განსხვავებით საქართველოს საპატრიარქოსგან, რომელიც გათავისუფლებულია გადასახადისგან საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით.

2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა რელიგიური გაერთიანებების ორი სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის ის ნორმები, რომლებიც ასევე დისკრიმინაციულ პირობებს აწესებდა რელიგიური ოგანიზაციებისთვის.

კონსტიტუციური სარჩელის ავტორებად დარეგისტრირებულები არიან: სსიპ „საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია“, ააიპ „ქართველ მუსლიმთა კავშირი“, სსიპ „ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია“, სსიპ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია

მოსარჩელეთა ინტერესებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა იცავენ.