ამერიკის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს „პისიარ“ ტესტირების 2 აპარატი და 4 000 ტესტი გადასცა

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკის საელჩომ „პისიარ“ ტესტირების ორი აპარატი და 4000 ტესტი გადასცა.

ამერიკული მხარის განცხადებით, დამატებითი აპარატები გაზრდის ტესტების გამტარუნარიანობას, რითაც შესაძლებელი გახდება, უფრო მეტი ნიმუშის ერთდროულად გატესტვა.

„ტესტებისთვის განკუთვნილი აპარატები მოდერნიზებულია. თან მოჰყვება 4 000 ოქროს სტანდარტის „პისიარ“ ტესტი. ვირუსთან ბრძოლის მხრივ, ჯერ მხოლოდ ნახევარი გზა გვაქვს გავლილი, ძალიან ბევრი დეტალი გამოჩნდება და გამოიკვეთება ეკონომიკის ხელახლა გახსნის გზაზე. ეს ტესტირების აპარატები, ასევე, ის პირადი დაცვის საშულებები, რაც „დიტრამ“ გადასცა ჯანდაცვისა და სხვა სამინისტროებს, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცესის სამართავად და განკუთვნილია ხალხის დაცვისათვის. ნიღბები, ხელთათმანები, ხალათები და ა.შ. მოგვცემს იმის საშულებას, რომ განვაგრძოთ ცხოვრება და ურთიერთობა, თუმცა ამავე დროს დავიცვათ თავი და საყვარელი ადამიანები და დროულად დავუბრუნდეთ საქმიანობას“, – აღნიშნა  აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კელი დეგნანმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას.

„პირველივე დღიდან, მას შემდეგ რაც დაფიქსირდა კორონავირუსის პანდემიის რისკი, საქართველო და აშშ თანმიმდევრულად თანამშრომლობენ ვირუსის გამოწვევებთან გასამკლავებლად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.