ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის [EPRC] მიერ 2019 წელს შექმნილი პლატფორმის წევრებმა, რომლის მიზანიც ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაა, მთავრობისთვის ეპიდემიასთან ბრძოლის რეკომენდაციები შეიმუშავეს.
ჯგუფის წევრები არიან ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სახელმწიფო მართვის სფეროს ექსპერტები: დავით გზირიშვილი, გიორგი გოცაძე, ლაშა დოლიძე, ნინო ევგენიძე, აკაკი ზოიძე, იაგორ კალანდაძე, ნინო კიკნაძე, ლევან კობერიძე, ვახტანგ ლეჟავა, ნინო მირზიკაშვილი, ვახტანგ სურგულაძე, ანდრია ურუშაძე, სერგო ჩიხლაძე, ქეთევან ჩხატარაშვილი, გიგი წერეთელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი ქადაგიძე.
რეკომენდაციები 1 მაისის მდგომარეობით არსებული ვითარების საფუძველზეა წარმოდგენილი. გთავაზობთ ექსპერტთა მიერ მომზადებულ დოკუმენტს სრულად.
მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე (1 მაისი) საქართველომ გადალახა SARSCOV-2-ის ეპიდემიის პირველი, ე.წ. შეკავების ეტაპი და ქვეყანა ახალ – შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა, რაც ეპიდემიის მართვის განახლებულ მიდგომებს საჭიროებს.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ, ეპიდემიოლოგიური ვითარების სამართავად, გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:
მთავარი რჩევა: ოპტიმისტური – „პიკი გადავიარეთ და ივნისში ეპიდემია დასრულდება“ მოლოდინის შექმნის ნაცვლად, მნიშვნელოვანია სიტუაციის ობიექტურად გააზრება და შესაბამისი მოლოდინის შექმნა, რაც გულისხმობს – დავიწყოთ და ვისწავლოთ ცხოვრება SARS-COV-2 ვირუსთან ერთად. ეს ნიშნავს:
ინფიცირების ახალი შემთხვევების მატება მომდევნო თვეებში გარდაუვალია, მაგრამ შესაძლებელია სტაბილიზაცია ხანგრძლივი დროით, ეპიდემიის განლევამდე;
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ახალი შემთხვევების ნაკადების მართვა:
ინფიცირების ახალი შემთხვევის თანდათანობით მატება დასაშვებია, თუ მას უმკლავდება სამედიცინო სისტემა;
დარჩეს მხოლოდ ის შეზღუდვები, რომელთა გაუქმება ქმნის ინფექციის ახალი შემთხვევის მკვეთრი მატების საფრთხეს, რათა შემსუბუქდეს ის სოციალური, ეკონომიკური და ადამიანის უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებული შოკი, რომელსაც ქვეყანა იღებს;
ამ პროცესში ვაქციოთ საზოგადოება თანამოაზრედ:
მივცეთ საშუალება გაიაზროს რეალური რისკები, საკუთარი პასუხისმგებლობა და, უსაფრთხოების ზომების დაცვით, გააგრძელოს ვირუსთან თანაარსებობა;
მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია, გავუზიაროთ გეგმები და შედეგები , გავმართოთ დიალოგი, ვცადოთ შეთანხმება, და ნაკლებად შევუქმნათ მოულოდნელობები.
ეპიდემიის მართვასთან დაკავშირებით აუცილებელია:
ეპიდემიის სამართავად რეპრეზენტაციული სერო-პრევალენტობის კვლევებით სტრატეგიული ინფორმაციის მიღება და გასაჯაროება;
ფიზიკური დისტანციის დაცვისა და პერსონალური უსაფრთხოების საშუალებების გამოყენების ხელშეწყობა და ეფექტიანი კონტროლის დამყარება;
ჯანდაცვის სისტემის გამართულობასთან დაკავშირებით აუცილებელია:
რისკ ჯგუფების სრულად ტესტირება (მოცვა და სიხშირე ეროვნული გეგმის შესაბამისად;
სამედიცინო დაწესებულებების ქსელის მზადყოფნის ამაღლება (ეროვნული გეგმისა და სტანდარტების შესაბამისად) ორი მიმართულებით:
- ინფექციის შიდა გადაცემის პრევენცია და კონტროლი.
- COVID-19-საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების კლინიკური მართვა.
ეფექტიანი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, და ინტერესჯგუფებთან, ყველა ზემოხსენებული ზომების გატარების შესახებ ანგარიშგების გასაჯაროების ჩათვლით.
ამავე ჯგუფმა მოამზადა მეორე დოკუმენტი, რომელშიც რეკომენდაციები 15 აპრილის მდგომარეობით არსებული ვითარების საფუძველზეა წარმოდგენილი.
დოკუმენტი 13 გვერდიანია და მოიცავს რჩევებს როგორც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გასაუმჯობესებისთვის, ისე ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის. სრულად დოკუმენტი იხილეთ ამ ბმულზე.