გაერო საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

პუბლიკა

გაერო კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის განცხადებით, საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებიც პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შოკისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად გაეროს კორონავირუსზე რეაგირებისა და აღდგენის სატრასტო ფონდის დაფინანსებით ისარგებლებენ.

სატრასტო ფონდი უწყებათაშორისი დაფინანსების მექანიზმია, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა 2020 წლის 31 მარტს შექმნა და მისი მიზანია, დაეხმაროს ქვეყნებს ჯანდაცვის კრიზისის დაძლევასა და პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგებთან გამკლავებაში.

„ჩვენ უსაზღვროდ მადლიერნი ვართ ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვეიცარიისა და დანიის მთავრობების, რომლებმაც პირველი შენატანი გააკეთეს გაეროს COVID-19-თან რეაგირებისა და აღდგენის სატრასტო ფონდში. ეს საშუალებას გვაძლევს, დავეხმაროთ საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში და ადამიანების ცხოვრებაზე COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შედეგების დაძლევაში. ჩვენი რეაგირება მიმართულია როგორც ჯანდაცვის სისტემის წინა ხაზის მუშაკთა მოკლევადიანი, ასევე საზოგადოების ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების, განსაკუთრებით ბავშვებისა და ხანდაზმულთა გრძელვადიანი საჭიროებების მოგვარებისკენ“, – თქვა საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საბინე მახლმა.

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ინფორმაციით, მიღებული დაფინანსებით გათვალისწინებულია ჯანდაცვის, სოციალური და სხვა მუშაკების და ასევე მათი ბენეფიციარების სამედიცინო აღჭურვილობითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა; სასოფლო-სამეურნეო საშუალებებით ღარიბი შიდამეურნეობების დახმარება; წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში; მუნიციპალიტეტებისა და სოფლის წარმომადგენლების დახმარება, რათა მათ შეძლონ გადაუდებელი სოციალური მომსახურების გაწევა.

გაეროს გუნდის მხარდაჭერის მთავარი მიმართულება ასევე იქნება ხანდაზმული პირების, ბავშვების, ორსული და მეძუძური დედების დახმარება, მათთვის აუცილებელი სამედიცინო სერვისების მიწოდება; განათლებასა და ბავშვთა სოციალური დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის ბავშვებზე ძალადობის პრევენცია; ასევე კრიზისული კომუნიკაცია და საზოგადოების ჩართულობა.