იტალიაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები თანდათან უქმდება. დღეიდან მაღაზიები, რესტორნები და ეკლესიები გაიღო. იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტის თქმით, შეზღუდვების მოხსნა რისკის გამოთვლის შემდეგ გადაწყვიტეს.
იტალია ევროპაში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც კორონავირუსი გავრცელდა. ვირუსულ აფეთქებასთან გამკლავება განსაკუთრებით გაუჭირდათ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის ცენტრი იყო. Covid-19-ის გავრცელების პიკში იტალია ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეც იყო, თუმცა დღეს მე-6 ადგილზეა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 225 500-მდე შემთხვევაა აღრიცხული, აქედან 32 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა, 125 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.
„ეს მშვენიერი, განსაკუთრებული დღეა. მე ორ თვეზე მეტია, არ მიმუშავია“, – ამბობს რომის ერთ-ერთი რესტორნის ბარმენი ვალენტინო კასანოვა The Reuters-თან. რომელმაც დიდხნიანი კარანტინის შემდეგ Piazza del Popolo-ზე თავისი კაფე სტუმრებისთვის ისევ გააღო.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ხსნიან საბერძნეთშიც. დღეს ათენში ტურისტებისთვის აკროპოლისიც გაიხსნა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი კატერინა საკელარაპულო სტუმრობდა.
ესპანეთში კი ივნისის ბოლოდან ტურისტების მიღებას ფიქრობენ, როგორც ეს ტრანსპორტის მინისტრმა ხოსე ლუის აბალოსმა თქვა.
ესპანეთის, საბერძნეთისა და იტალიისთვის ზაფხულის სეზონს განსაკუთრებული როლი აქვს. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ეკონომიკაში საზაფხულო ტურიზმს მნიშვნელოვანი თანხა შეაქვს.