ჩინეთში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების საფრთხის გამო 108 მილიონი ადამიანი კარანტინში მოაქციეს

პუბლიკა

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინცია გირინში 108 მილიონი ადამიანი კარანტინში ხელახლა მოაქციეს. პროვინციაში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა იმატა და ვირუსის ხელახალი გავრცელების თავიდან ასარიდებლად ხელისუფლებამ მკაცრი ზომების გატარება გადაწყვიტა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ჯერჯერობით, პროვინციაში ვირუსული აფეთქება არ ყოფილა და ახალი კლასტერი კორონავირუსის 34 შემთხვევას არ ასცდენია, თუმცა ჩინეთში შიშობდნენ, რომ რეგულაციების შემსუბუქების გამო შემთხვევების მატება შესაძლოა, ვეღარ გაეკონტროლებინათ.

გირინის პროვინციაში, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეწყდა სარკინიგზო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დაიხურა სკოლები და მოსახლეობა კარანტინში მოექცა. იმ საცხოვრებელ უბნებში კი, სადაც ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ან ეჭვობენ, რომ გამოვლინდება, თითოეული ოჯახიდან მხოლოდ ერთ ადამიანს დღეში მხოლოდ ორი საათის განმავლობაში მიეცა უფლება რომ გამოვიდეს საჭირო პროდუქტის საყიდლად.

Bloomberg-ის მიხედვით, ასეთი რეგულაციების ხელახლა შემოღებამ მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია. გილინის პროვინციაში ჰუბეისგან განსხვავებით კორონავირუსი ფართოდ არ ყოფილა გავრცელებული. ახალმა შემთხვევების გამო კი ჩინეთის ხელისუფლება, რომელსაც აკრიტიკებდნენ, თითქოს თავდაპირველად ვირუსის შესაჩერებლად ზომების მიღება დააგვიანა, შეშინდა, არ დაწყებულიყო ვირუსული აფეთქების მეორე ტალღა.

ჯერჯერობით, უცნობია, საიდან დაიწყო გირინის პროვინციაში კორონავირუსის ხელახალი გავრცელება. ეპიდემიოლოგები ეჭვობენ, რომ ინფიცირებულებს ახლო კონტაქტი ჰქონდათ რუსეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებთან, სადაც კორონავირუსის გავრცელების შეჩერება დღემდე უჭირთ.